ახალი ამბები

ცხინვალმა რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი არა მიმდინარე, არამედ 2017 წელს გაიმართოს მას შემდეგ, რაც იმავე წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

სააგენტოს ცნობით, რეფერენდუმის გადადებასთან დაკავშირებულ მემორანდუმს 26 მაისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერეს ხელი.

„ვხელმძღვანელობთ სამხრეთ ოსეთის ხალხის ხანგრძლივი ინტერესებით და ვესწრაფვით რა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, გამოვდივართ ერთობლივი განცხადებით… რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესვლის საკითხზე რეფერენდუმის 2017 წელს გამართვის მიზანშეწონილობის თაობაზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებამდე, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მარტის ბოლოს შეხვდა, 11 აპრილს განაცხადა, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს, „აგვისტომდე“ გაიმართებოდა. ამ გეგმის კომენტირებისას რამდენიმე დღეში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი რეფერენდუმთან დაკავშირებულ ცხინვალის განზრახვას, „ვერ შეეწინააღმდეგებოდა“.

რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის იდეა მანამდეც არაერთხელ წამოუწევიათ სეპარატისტულ რეგიონში – ბოლოს ამას 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ კრემლმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცხინვალთან არ განიხილებოდა.

თბილისი გმობს რეფერენდუმთან დაკავშირებულ ცხინვალის გეგმებს, როგორც ანექსიის პროცესის გაგრძელების მცდელობას და აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ვერცერთი რეფერენდუმი ლეგიტიმური ვერ იქნება.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button