skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა კორცხელის ძალადობაზე პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს მას შემდეგ, რაც უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის 25 მაისს დაპირისპირების ინციდენტი მოხდა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა მოუწოდა კოლეგებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ იმ ადამიანების ხსოვნისთვის, რომელთა სიცოცხლეც, მისი თქმით, „ნაციონალურ-ბოლშევიკური მოძრაობის ხროვის“ მმართველობამ შეიწირა, მათ შორის 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია ფეხზე არ ადგა, რამაც ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის გაღიზიანება და შემდგომი ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია, რაც ისე განიმუხტა, რომ ხელჩართულ ჩხუბში არ გადაზრდილა.

პარლამენტის დარბაზში დაძაბული ფონი შექმნა კორცხელის ძალადობის ინციდენტზე გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ხელისუფლებას უმოქმედობაში, „უსუსურობაში“ და სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაში ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი პარტია ქართული ოცნების ის იდენტიფიცირებული მხარდამჭერები, რომლებიც  22 მაისს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და აქტივისტებს. ისინი ასევე მოითხოვდნენ იმ პირების დასჯასაც, რომელთა მიერ იყო ორგანიზებული კორცხელში ქართული ოცნების მხარდამჭერი ჯგუფის მობილიზება.

ამ მოწოდებების საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს „ქვეყნის მოღალატეები“ უწოდა, სამართალდამცავებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კორცხელის ინციდენტში მონაწილე „პროვოკატორების“ დაკითხვისკენაც მოუწოდა. პოლიციას გამოძიების ფარგლებში ბრალი ჯერ-ჯერობით არავისთვის არ წარუდგენია.

ზოგიერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გაამართლა კიდეც ძალადობა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. 

„დაგვიანებული დასჯა კი არ არის, დაგვიანებული არის გალახვა; თავის დროზე უნდა გალახულიყვნენ და დასჯილიყვნენ … მთელი საქართველო ლოცავს მათ ხელებს, ვინც გალახა ბოკერია და ასე შემდეგ“, – განუცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში.

„თქვენ ცდილობთ ძალადობის მსხვერპლები პროვოკატორებად გამოიყვანოთ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა, „ნამდვილად არ ვაპირებთ პარლამენტში ჩვენი აქ ყოფნით, სანამ მოძალადეები არ დაისჯებიან, ამ ძალადობის ორგანიზატორები და დამკვეთებიც არ დაისჯებიან, შეგიქმნათ ილუზია, რომ რამენაირად ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ… ამიტომ ჩვენ დავტოვებთ სხდომათა დარბაზს და გავალთ ბოიკოტზე და დაველოდებით, ბოლომდე გექნებათ თუ არა პოზიცია, რომ ეს ჯალათები არიან თქვენი პარტიის მხარდამჭერები და ახალი სახეები“.

„ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ამ დარბაზში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თანაზიარნი არიან იმ ცხრა წლის მკვლელობებზე და არავითარი ოდნავი სინანულიც კი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი ადგილი პარლამენტში არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“,  – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ მართალია ბოიკოტი მათი პოლიტიკური უფლებაა, თუმცა „მე იმედი მინდა დავიტოვო, რომ ჩვენი კოლეგები საპარლამენტო უმცირესობიდან დაუბრუნდებიან საპარლამენტო სხდომებს“.

 

მსგავსი/Related

Back to top button