skip to content
ახალი ამბები

უსუფაშვილი: ‘ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს’

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა „აბსოლუტურად უკომპრომისო“ დამოკიდებულება იმგვარი ძალადობრივი ფაქტების მიმართ, რომელსაც 22 მაისს შუალედური არჩევნების დროს სოფელ კორცხელში ჰქონდა ადგილი.

„მე მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება“, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 23 მაისს უსუფაშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

„ეს არ არის ჩემი ანალიზი, ეს არ არის ჩემი რჩევა, ეს არ არის ჩემი გაფრთხილება   – ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, დაპირება, ვინაიდან მე მჯერა, რომ დღეს ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტნი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. იმიტომ, რომ მე ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ გავაკეთებ და არ გავაკეთებ“, – განაცხადა მან.
 
„ყველა, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, ემსახურება იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ საჭიროა აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან მკაცრად დაგმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნის წინ კვირას მომხდარი ძალადობა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა სცემეს.

„ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო ოთხი ჯოხი, მეორე მხარეს ორი ქვა, აქედან იყო ოთხი მუშტი, იქიდან იყო ერთი და ა.შ.  – ეს არის არასწორი საუბარი და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამ საუბარში არ უნდა ჩავებათ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თუ ზოგადად, მზად ვართ ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, მაშინ ამას ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ ან ვინმე თავს გვაცემინებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ამიტომ საჭიროა ის, რომ არ ვიყოთ მზად პოლიტიკური ოპონენტის საცემრად და ძალადობრივი გზით გასასწორებლად. აი მაშინ იქნება თავიდან აცილებული  როგორც ძალადობის ინიციატივა, ასევე ძალადობის პროვოცირება“, – დასძინა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ზონდერობის, როგორც მოვლენის“ წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმის შექმნაზე კონსულტაციებისკენ მოუწოდა იმ პოლიტიკურ ფრაქციებს, რომლებიც მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ მხარდამჭერებს მიუთითონ ძალადობის წინააღმდეგ.

დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანი ბიუროს სხდომაზე მიესალმა უსუფაშვილი მოწოდებას და იმავდროულად, ქართული ოცნება ოთხი წლის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფების საშუალებით პროცესების მართვაში დაადანაშაულა.

„მე გთხოვთ ნუ გამომეხმაურებით თქვენ პირადად“, – მიმართა რატიანს უსუფაშვილმა, „მე გთხოვთ გამომეხმაუროთ ის ხალხი, რომლებიც გმობთ ამ მოვლენას, მიუხედევად იმისა ვინ სჩადის“ და ხდებოდა ეს 2012 წლამდე თუ ხდება 2016 წელს.

მსგავსი/Related

Back to top button