ახალი ამბები

კვირიკაშვილი გმობს კორცხელის ძალადობას, აცხადებს, რომ ‘დამნაშავეები უნდა დაისაჯონ’

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეა, დაგმო სოფელ კორცხელში კვირას შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ძალადობის ინციდენტი.

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა და წევრებმა სცემეს, რომლებიც საარჩევნო უბნის წინ იყვნენ მობილიზებული.

„ის, რაც მოხდა არჩევნებზე სამეგრელოში არის მიუღებელი, ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს“, – უთხრა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 23 მაისს ინციდენტზე თავის პირველ კომენტარში. 

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით და მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი“, – განაცხადა მან ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.

„ვფიქრობთ, რომ მომავალში სამართალდამცავი ორგანოების უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ეს იქნება სახელმწიფოს ღირსების საკითხი, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა. 

მან „სრული აბსურდი“ უწოდა ოპონენტების ბრალდებებს ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების მმართველი პარტიის მიერ დაფინანსების თაობაზე.

პოლიციის რეაგირება ინციდენტზე და ის ფაქტი, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობის აღკვეთა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო; თუმცა, ჯერჯერობით ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ და არც ვინმე დაუკავებიათ.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 23 მაისს, რომ „ცხადია, რომ სოფელ კორცხელში პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა“.

პარტია ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, რომ მისი მხარდამჭერები და წევრები იყვნენ მობილიზებული საარჩევნო უბნის წინ, სადაც ჩხუბი მოხდა, თუმცა პარტიის ზოგიერთი ლიდერი შეეცადა, რომ ნაციონალური მოძრაობა დაედანაშაულებინა, როგორც მათ თქვეს, ინციდენტის პროვოცირებაში.  

„რაოდენ გამომწვევიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში, ოპონენტების ქმედება, ერთადერთს ჩვენ, სახელმწიფოს გვაკისრია პასუხისმგებლობა მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ ვუპასუხოთ არანაირ პროვოკაციას – ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და გაიმეორა, რომ "ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს".

მანამდე ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც ენერგეტიკის მინისტრია, ნაციონალური მოძრაობა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში, პროვოკაციის მოწყობასა და ხალხის გაღიზიანებაში დაადანაშაულა.

23 მაისს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ მხარდამჭერთა მობილიზაცია არჩევნების დღეს „ნორმალური“ პრაქტიკაა, თუმცა ძალადობრივი ინციდენტი „მიუღებელია“.

სახალხო დამცველმა 23 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას“.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button