skip to content
ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: საარჩევნო პროცესს კორცხელის ძალადობამ ‘მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა’

სოფელ კორცხელში მომხდარმა ძალადობამ „მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს“, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მას შემდეგ, რაც კვირას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართა, საარჩევნო უბნები დაიხურა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერი და აქტივისტი სცემეს ხელჩართული ჩხუბის დროს, რომელიც სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის მახლობლად ზუგდიდის საკრებულოში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამართული შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას 22 მაისს მოხდა.

კორცხელის ერთმანდატიანი ოლქის გარდა, შუალედური არჩევნები ასევე გაიმართა ქვეყნის მასშტაბით კიდევ რვა სხვა ერთმანდატიან ოლქში საკრებულოებში ვაკანტური ადგილების შესავსებად.

„დასრულდა კენჭისყრის პროცედურები. 20:00 სთ-ზე საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა და დაიწყო საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი – ხმის დათვლის პროცედურები“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ, „თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კორცხელის თემში დღეს მომხდარმა ფაქტმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დროულად დასრულდება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან, ეს უნდა გახდეს მაგალითი და პრევენცია. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის“. 

სხვა ადგილებში, კერძოდ კი გლდანში, გარდაბანში, კასპში, წყალტუბოში, ოზურგეთისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ასევე გაიმართა კვირას შუალედური არჩევნები, კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button