skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით.

ე.წ. „კაბელების საქმეს“ მმართველი კოალიციის გახლეჩა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა, რის შემდეგაც მისმა ორმა თანაგუნდელმა მინისტრის პოსტები დატოვა.

„თავისუფალი დემოკრატები“ 2014 წლის ნოემბერში კოალიცია ქართული ოცნებას გამოეყვნენ. ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდა.

ხუთივე დაკავებულმა თითქმის რვა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, სანამ ისინი 2015 წლის ივნისში გათავისუფლდებოდნენ.

2015 წლის აგვისტოში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ოთხი გათავისუფლებული თავიანთ თანამდებობებზე აღადგინა – ორი მათგანი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ორი გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტში. მეხუთე ბრალდებული, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი 2014 წლის ოქტომბერში დაკავების დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი აღარ იყო.

16 მაისს გამოცხადებული განაჩენის თანახმად, ხუთივეს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა ორი წლის ვადით. მათ წინასწარ პატიმრობაში გატარებული თითქმის რვა თვე 7-წლიან პატიმრობაში ჩაეთვლებათ.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და აღშფოთება მოყვა მსჯავრდებულთა ნათესავებისა და გულშემატკივრების, მათ შორის ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ლიდერების მხრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბესიკ ბუგიანიშვილს განაჩენის გამოცხადების დასრულება თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწია მას შემდეგ, მან გაბრაზებული დამსწრეების გაყვანა მოითხოვა სასამართლო დარბაზიდან.

„საერთოდ დანაშაული არ არსებობს“, – განუცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „აქ ერთადერთი სამოტივაციო ნაწილში მოსამართლე თუ დაწერს იმას, რომ მიბრძანეს და ეს გავაკეთეო“. 

მისი თქმით, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, რისთვისაც ერთი თვის ვადაა გათვალისწინებული.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს: „ასეთ უსამართლობას, ასეთ ნაბიჯს მოსამართლის მხრიდან არავინ არ ველოდით“.

„ვიცით, რომ ივანიშვილი-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს კონტროლი მიდის, პროკურატურის კონტროლი მიდის, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მიეღო მოსამართლეს, ჩვენ არ ველოდით. პირველი, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას სააპელაციო სასამართლოში. მეორე, მე მინდა დავპირდე ივანიშვილს, რომ ეს ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს“, – განაცხადა ალასანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button