ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოზე სადავო ცვლილებები მიღებულია

სადავო კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას ითვალისწინებს, მესამე და საბოლოო მოსმენით შაბათს დილით იქნა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატების მოთხოვნით მიღებული.

კანონპროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც 14 საათით ადრე, პარასკევს საღამოს მას მეორე მოსმენით უყარეს კენჭი ორდღიანი მწვავე და ხანგრძლივი დებატების შემდეგ.

პარასკევს საღამოს პარტია ქართული ოცნების დეპუტატები შაბათს დილით პლენარული სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ, რათა კანონპროექტი საბოლოოდ ყოფილიყო მიღებული.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი გვიან ღამით შეიკრიბა, რათა მომდევნო დილისთვის მესამე მოსმენით გასატანად მოემზადებინა კანონპროექტი. საკომიტეტო მოსმენა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის დეპუტატების წინააღმდეგობის ფონზე გაიმართა, რადგან ისინი პროცესის დაჩქარებას აპროტესტებდნენ. 

„მესმის წუხილები, რომ ეს მეორე და მესამე განხილვა იყო ცოტა ფორსირებული, მაგრამ ჩვენ ორი თვეა ვმუშაობთ ძალიან გახსნილ რეჟიმში ამ საკითხებზე. პრაქტიკულად კომიტეტმა გაიზიარა ყველა შემოთავაზება, ყველა შენიშვნა. ერთადერთი საკითხი, რომელიც დარჩა ჩვენი განსხვავებული პოზიციების ქვეშ, იყო კვორუმი სასამართლოს პლენუმის“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის თანაავტორმა ეკა ბესელიამ შაბათს გამართულ პარლამენტის სხდომაზე.

ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კანონპროექტს არ დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა თავისუფალი დემოკრატებიდან, ასევე რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა, რომლებიც ოფიციალურად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.  ოპოზიციურმა  პარტიამ "გირჩი", რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს პირველი მოსმენით, მეორე და მესამე მოსმენებზე მხარი აღარ დაუჭირა მას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ აპირებს ვეტო დაადოს კანონპროექტს. სულ ცოტა 76 ხმაა საჭირო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა 14 მაისს, რომ პრეზიდენტი მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც კონსულტაციებს გამართავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. 

„ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულ რეჟიმში … უკვე გარკვეულ კითხვებს ბადებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.   

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ორი–მესამედით მიღების შემოთავაზებული წესი ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განაცხადა 14 მაისს, რომ „გადაწყვეტილების მისაღებად ამგვარი მაღალი კვორუმის დადგენა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ვენეციის კომისიის შეფასებებს და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას“.

„ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდასთან ერთად, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმ მოსამართლეთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც სხდომას უნდა ესწრებოდნენ, რათა ის უფლებამოსილი იყოს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. 

თუ მოქმედი ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც ყველა მოსამართლეს მოიცავს,  მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას 9 წევრიდან 6 მაინც ესწრება, შემოთავაზებული ცვლილებებით დასწრების ვალდებულება 7 წევრამდე იზრდება.

ამასთან, მოქმედი ნორმით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, რისთვისაც მინიმუმ 4 წევრის მხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი თუ სულ ცოტა 6 მოსამართლე ესწრება სხდომას.

შემოთავაზებული ცვლილებებით, კი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი სულ ცოტა 6 წევრამდე იზრდება – არ აქვს მნიშვნელობა მინიმუმ 7 მოსამართლე დაესწრება სხდომას, თუ ცხრავე.

კიდევ ერთი სადავო შემოთავაზების თანახმად, სადავო ნორმატიული აქტის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი ხდება. მოქმედი წესით, სასამართლოს კოლეგიასაც აქვს უფლება, რომ სადავო ნორმის მოქმედება შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. პლენუმში თუ სასამართლოს 9 წევრია გაერთიანებული, კოლეგიები 4-4 მოსამართლისგან შედგება. ოპონენტები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული ახალი წესი სასამართლოს გადატვირთვას გამოიწვევს და მის ფუნქციონირებას გაართულებს.

მართალია მნიშვნელოვნად გაკრიტიკებულმა თავდაპირველმა ვერსიამ სერიოზული ცვლილებები განიცადა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სხვა ოპონენტების პრეტენზიების ასახვის კუთხით, მაგრამ დეპუტატმა ეკა ბესელიამ კვორუმის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე უარი განაცხადა.
ეს ერთ–ერთ ყველაზე სადავო საკითხი იყო პარლამენტში 12–13 მაისს გამართული ორდღიანი დებატების დროს.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვის ხანგრძლივ პროცესში, წარმოდგენილ ცვლილებებს   „სადამსჯელო ღონისძიება“ უწოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლებისთვის იმ არასასურველი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც სასამართლომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ასევე „რუსთავი 2“-ის საქმეებზე, ეროვნული ბანკის და ფარული მოსმენების კანონებთან დაკავშირებით. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეთა „უმცირესობით დაბლოკოს“. 

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს ერთის გარდა ყველა წევრი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაინიშნა. მხოლოდ ერთი წევრი, მერაბ ტურავა აირჩია მოქმედმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

მოქმედი 9 მოსამართლიდან, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 4 წევრს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ეწურება. მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილიდან კი ორი პრეზიდენტმა უნდა შეავსოს საკუთარი კვოტით, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთიც პარლამენტმა აირჩიოს.

რესპუბლიკელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პლენუმის დამატებითი საქმეებით დატვირთვა და ამასთანავე,  გადაწყვეტილების მიღების წესის გართულება „გადაწყვეტილებაუუნაროს“ გახდის სასამართლოს, სადაც „პოლიტიკური მანიპულაციების რისკი იზრდება“. ამის გამო, მისი თქმით, რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ წარმოდგენილ ცვლილებებს.

ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააკრიტიკა კვორუმის გაზრდა, როგორც ხელისუფლების მცდელობა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება, რომელსაც „დღემდე ის ვერ აკონტროლებს“. მისი თქმით, ეს ნორმა შესაძლებლობას იძლევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმცირესობამ „შეაფერხოს ან საერთოდ დაბლოკოს“  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ეკა ბესელიამ უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ კანონპროექტი არანაირად არ ასუსტებს სასამართლოს.

მან განაცხადა, რომ ეს არის სასამართლო, რომელიც სრულად თავისუფალი უნდა გახდეს  პოლიტიკური გავლენისგან, გულისხმობდა რა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრების უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის მიმართაა ლოიალური.

საკონსტიტუციო სასამართლო კანონებისა და ხელშეკრულებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე გადაწყვეტილებებთან ერთად, ასევე იხილავს ჩასატარებელი თუ ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხებს და პლენუმს შეუძლია მათი შედეგების გაბათილების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი, დებატების დროს იქნა წამოწეული.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უთხრა ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ კანონპროექტის მიღებას, ვინაიდან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის. მისივე თქმით,  ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ამ კანონის გარეშე ვერ გააყალბებს არჩევნების შედეგებს.

ბესელიამ უპასუხა, რომ ნადირაშვილის ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის შესაძლო განზრახვას ახმოვანებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები გამოიყენოს არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის, თუ ისინი არასახარბიელო იქნება ოპოზიციური პარტიისთვის. ბესელიას თქმით, ეს ძალიან საშიში სცენარია.

კანონპროექტით ასევე იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის და არჩევის წესი. არსებული კანონმდებლობით, თავმჯდომარე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კონსულტაციების გზით შეირჩევა. ახალი კანონპროექტით, ეს წესი იცვლება და თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეარჩევენ საკუთარი რიგებიდან და სულ ცოტა ხუთი წევრის მხარდაჭერით აირჩევენ.

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის გარეშე მიეღო. 

როგორც ჩანს, კანონპროექტის თანაავტორი ეკა ბესელია დაპირდა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებს შეხვედრაზე, როდესაც ისინი თვის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდნენ, რომ ცვლილებებს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიდა.

ვიზიტის ბოლოს, PACE–ს თანამომხსენებლებმა ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლანდგრენმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ვენეციის კომისიას გაუგზავნოს განსახილველად, „სანამ პარლამენტში მეორე მოსმენით მათი განხილვა შედგება“.

„ეს გააქარწყლებს ყველანაირ შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიღების შემდეგ, ეს ცვლილებები უნებურად შეაფერხებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის, მნიშვნელოვანი როლი უზრუნველყოფილ უნდა იქნას. თუ ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის მომდევნო რამდენიმე დღეში მიმართავენ, ის შეძლებს, რომ ივნისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს საკუთარი მოსაზრება, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს პარლამენტს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს ცვლილებების საბოლოო მოსმენით მიღებისას მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლოს“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ეკა ბესელიამ და პარტია ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე მიღებულ კანონპროექტს გაუგზავნიან ვენეციის კომისიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button