skip to content
ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: ‘ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში’

საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებიდან ექვსი თვის თავზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში მოდის და აფუძნებს ახალ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“,  რომელიც ძალებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსინჯავს.

ბურჭულაძემ, რომელიც 35 წლიანი საოპერო კარიერის ბოლო წლებში აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა მისი ფონდის „იანვანას“ მეშვეობით, „საქართველოს განვითარების ფონდი“ ჩამოაყალიბა ნოემბერში, იანვრიდან კი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები და ოფისების გახსნა დაიწყო. საარჩევნო კამპანისთვის დამახასიათებელი ამ აქტივობების მიუხედევად, ბურჭულაძე, რომელიც ბოლო პერიოდში სულ ცოტა ორჯერ სტუმრობდა ვაშინგტონს, თავის პოლიტიკურ მიზნებს ამ დრომდე არ ადასტურებდა. 

მის განაცხადს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების თაობაზე წინ უძღოდა აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში რომ მიეღო მონაწილეობა, ბურჭულაძის ფონდს  გამოკითხულთა 12%-ს მისცემდა ხმას; ამავე კვლევაში, ბურჭულაძემ პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე დიდი, 75%-იანი რეიტინგი ჰქონდა.

12 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პაატა ბურჭულაძემ, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ბიძინა ივანიშვილზე მინიშნებით, განაცხადა,  რომ მის ახალი პოლიტიკურ მოძრაობას არ სურს, რომ „ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში“.

„რატომ გინდათ ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ?  როგორ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე ვერ შეძელით?  როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ გააკეთოთ? რაც არ შეგიძლიათ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით; ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ყველაფრის ამის ყურება“, – აცხადებს ბურჭულაძე.

„ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში“, – ამბობს ის და ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის  ემიგრაციაში წასული ქართველების დახმარებას აანონსებს, „პატიოსან და კვალიფიციურ“ ადამიანებს კი მოუწოდებს „შემოუერთდეს ჩვენს გუნდს“.

ამ ეტაპზე მისი გუნდის გამოკვეთილი წევრები არიან დავით ჯანდიერი, 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ხათუნა ლაგაზიძე,  პოლიტიკური მიმომხილველი და გიორგი რუხაძე, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი წევრი, რომლებიც თავიანთ სატელევიზიო კომენტარებში მთავრობას "პასიური და არაეფექტური" პოლიტიკის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

ბურჭულაძე მისი ახალი ოპოზიციური მოძრაობის ამოცანად პოლიტიკაში ხალხის შეცვლას ასახელებს ისეთი ადამიანებით, ვისაც „საქმის კეთება შეუძლია“, რათა გაირღვეს „იმედის, იმედგაცრუებისა და პროტესტის“ 25-წლიანი „მანკიერი წრე“ და „ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს“.

„გვინდა ის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას, გვინდა რომ ამ ევროპულ ოჯახში დავიწყოთ ცხოვრება, გვინდა რომ ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო“, – აცხადებს ბურჭულაძე და დასძენს, რომ საქართველო უნდა იყოს „ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული, რომელსაც სულ ხელი აქვს გაწვდილი, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს, დაჩოქილია, შეშინებული და უთავმოყვარეო“.

მოლოდინებს ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერის შესახებ წარსულში სულ ცოტა ორჯერ ჰქონდა ადგილი – 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ასევე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ვიდრე ბურჭულაძე პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებდა, მმართველი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბურჭულაძის მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის სატელიტობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ორმა ძალამ 22 მაისს დაგეგემილ ოზურგეთის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ერთობლივი კანდიდატი წარადგინა.

ბურჭულაძის გუნდის წევრმა გიორგი რუხაძემ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ქართული ოცნება პოლიტიკაში ახალი ძალის მოსვლას „საფრთხედ“ მიიჩნევს.

რუხაძის ინფორმაციით, ახალი პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფუძნებელი ყრილობა მაისში იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button