ახალი ამბები

კვირიკაშვილი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა

აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 26 აპრილს თეთრ სახლში პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

„ვიცე–პრეზიდენტმა საქართველოს ის მნიშვნელოვანი პროგრესი მიულოცა, რომელსაც ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ლიდერი გახდა რეგიონში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

ამავე ინფორმაციით, ვიცე–პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს საქართველოს „ურყევი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„ვიცე–პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი პროგრესის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების გაღრმავება საუკეთესო გზად რჩება ამ მისწრაფებების ხელშეწყობისთვის. ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ერთად განაგრძობენ მუშაობას საქართველოს უსაფრთხოების და აყვავების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა თეთრმა სახლმა. 

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა: „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ვიცე–პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. ჯოზეფ ბაიდენი გახლავთ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი“.

„ვისაუბრეთ გასულ 25 წელზე ჩვენი პარტნიორობის. ეს გახლდათ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან არა ერთ სფეროში და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში, როგორ გავაფართოვოთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

„ასევე ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელიც შეერთებულ შტატებს 25–29 აპრილს სტუმრობს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაშინგტონში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ სენატორს ბობ კორკერს და დემოკრატ სენატორს ბენ კარდინს, რომელიც ამავე კომიტეტის წევრია, ასევე რესპუბლიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს და ჯეფ სეშენს; კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ტედ პოს და ჯერალდ კონოლის; წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედ როისს და კონგრესმენ ელიოტ ენგელს.

მსგავსი/Related

Back to top button