ახალი ამბები

სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მოსკოვში გენერალ დუმბაძის მკვლელობის „შეკვეთაში“ ედება ბრალი

საქართველოს ხელისუფლებამ სამშაბათს დაადასტურა, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას დაუსწრებლად  წაუყენეს ბრალი ყოფილი სამხედრო გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაში. დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის მაისში, დაახლოებით ოთხი წლის თავზე მოკლეს მას შემდეგ, რაც რუსეთს ქართველ ტყვეებში გაუცვალეს ციხიდან გათავისუფლების შედეგად, სადაც ის სამშობლოს ღალატის ბრალდებით ხანგრძლივ სასჯელს იხდიდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქარდავას, რომელიც საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსი იყო მაშინ, როდესაც დუმბაძე მოკლეს,  ბრალად ედება შუამავლის მეშვეობით მკვლელობის შეკვეთა.

ქარდავა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი ბრალდებით იძებნება; ერთ–ერთ საქმეზე, რომელიც პატიმართა წამებას ეხება, ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2014 წელს დაუსწრებლად ცხრა წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რომან დუმბაძე 2004 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე ბათუმში დისლოცირებული 25–ე ბრიგადის მეთაური იყო, როდესაც მან ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და აჭარის მაშინდელ ლიდერს, ასლან აბაშიძეს დაუჭირა მხარი.   

დუმბაძე 2004 წლის მაისში, აბაშიძის აჭარიდან განდევნის შემდეგ,დააპატიმრეს; ის რამდენიმე ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის იყო სამშობლოს ღალატიც, და 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ კვირაში, როდესაც რუს სამხედროებს ისევ ოკუპირებული ჰქონდათ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიღმა საქართველოს ტერიტორიები, რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 22 ქართველი ჯარისკაცი დააკავეს ფოთში. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, ხოლო 12 ტყვე 2008 წლის 28 აგვისტოს გაცვალეს გენერალ დუმბაძეში, რომელიც ქართულმა მხარემ ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ გამოუშვა ციხიდან და გადასცა რუსულ მხარეს. მას შემდეგ დუმბაძე მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც, მან რუსული მედიის ცნობით, 2010 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2014 წელს მოსკოვის სასამართლომ ოთხ ქართველს დუმბაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმრობა შეუფარდა. რუსული მედია მაშინ განაჩენზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დუმბაძის შეკვეთილი მკვლელობა  საქართველოდან შუამავლის მეშვეობით განხორციელდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა 12 აპრილს, რომ „შუამავალი“, რომელიც არ დასახელდა, საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სუს-ის თქმით, ქარდავას წინააღმდეგ საქმეს  „მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი“.

სუს-მა დუმბაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ქარდავასთვის ბრალის წარდგენის შესახებ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა გაავრცელა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები „რუსული ინტერესებიდან გამომდინარე“ მოქმედებაში დაადანაშაულა.

ველიჯანაშვილმა მისი კლიენტის წინააღმდეგ ბრალდებებს ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ამ ამბის დამალვა სურდა. მისი თქმით, მეგის ქარდავას რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში ედება  ბრალი.

„პროკურატურა მიზეზად ასახელებს, რომ ის არის საქართველოს მოღალატე… ძირითადად მასალები ეყრდნობა სწორედ რუსეთიდან მოპოვებულ ინფორმაციას და რუსულ მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, მარტივია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პროკურატურა, გამოძიება მოქმედებს სწორედ რუსული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი“, – განაცხადა ადვოკატმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button