ახალი ამბები

პროკურატურის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები საქართველოდან არ ატვირთულა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა და სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსები ფიგურირებენ, 2012 წლის ოქტომბრამდე არის შექმნილი და საქართველოს ტერიტორიიდან არ არის ატვირთული.

1 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ, რომელმაც  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის სხვა დეტალები არ გაამხილა, განაცხადა, რომ ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე აშშ-ის ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება საქართველოში და საგამოძიებო ჯგუფს კონსულტაციებს უწევს.

იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთლინ კენინგმა განაცხადა: „დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთულად გამოსაძიებელი, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულებისთვის“.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები რომელშიც, სავარაუდოდ, ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა, YouTube-ზე 11 მარტს აიტვირთა; ამის შემდეგ, 14 მარტს რამდენიმე პოლიტიკოსს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით დაემუქრნენ. მუქარის ტექსტი თან ახლდა ინტერნეტში ატვირთულ ვიდეოს, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ინტიმური კადრები იყო ასახული. მუქარის ადრესატები სამი პოლიტიკოსი, მათ შორის ერთი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი არიან, რომელთაც მოუწოდეს 31 მარტამდე უარი თქვან საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსეს. 31 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორიგი ვიდეო გაავრცელეს დაუდგენელმა პირებმა, რაც ინტერნეტ სივრცეში მალევე დაიბლოკა. 

ამ უკანასკნელ ვიდეოზე საუბრისას მთავარი პროკურორის მოადგილემ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ იყო ასახული ამ კადრებში  ან „არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ამ კადრებზე“.

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ატვირთული არ არის ეს ფაილები“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ, რომელმაც არ დაასახელა რა ტიპის ტექნიკიდან მოხდა ვიდეოების ატვირთვა.  

კითხვაზე მოხდა თუ არა ქვეყნიდან ამ ვიდეოების გატანა, მან უპასუხა: „როგორც გამოძიებით გვაქვს დადგენილი არცერთი კადრი 2012 წლის პირველი ოქტომბრის [ხელისუფლების შეცვლის] შემდგომ არ არის მოპოვებული, არ არის შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ვინც ასეთი კადრების წარმოებას, სავარაუდოდ, შექმნას ახორციელებდა ნაწილი ამ პიროვნებებისა არის ძებნილი, დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია და რთულია პროგნოზირება იმისა, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის გადასცა, რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს“.

მისი თქმით, გამოძიება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით „მაქსიმუმს“ აკეთებს დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად და ამ მიზნით უკვე ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კერძოდ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 25 სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული  CD და DVD დისკი, 26  კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი.

პროკურატურაში ერთობლივი პრესკონფერენცია იმ ფონზე გაიმართა, როცა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები, სახალხო დამცველი და ოპოზიციური პარტიები აქტიურად თხოვენ ხელისუფლებას და კერძოდ, პროკურატურას, რომ დააჩქაროს გამოძიება არა მხოლოდ ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოებთან და მუქარასთან დაკავშირებით, არამედ უფრო ფართო გამოძიება ჩაატაროს იმ „სისტემურ დანაშაულზე“, რომლის შედეგადაც უკანონო თვალთვალის მთელი არქივი შეიქმნა.

სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება“, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ბოლო დროს ვოდეოების გავრცელების შემდეგ ხელახლა გააქტიურდა, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომაც კი მოითხოვა, რადგან მან ვერ უზრუნველყო გამოძიება და მართლმსაჯულების წინაშე იმ პირების წარდგენა, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალების არქივი შექმნეს.

Related Articles

Back to top button