skip to content
ახალი ამბები

ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველომ ‘უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა’

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში 22 მარტს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე „სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე“.

„არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი“.

შსს–მ, რომელიც სასაზღვრო კონტროლსაც ახორციელებს, ასევე განაცხადა, რომ საპატრულო პოლიცია როგორც ქვეყნის პერიმეტრზე მდებარე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე „გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს“.

საქართველოს ხელმძღვანელობამ დაგმო ბრიუსელის ტერორისტული აქტები.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა წერილობით განცხადებაში, რომ „უკიდურესად აღშფოთებულია“ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო.

„ქართველი ხალხის სახელით ვუცხადებ მტკიცე თანადგომას ბელგიის მთავრობასა და ხალხს. ყველა ქვეყანამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ“.

ამჟამად ბრიუსელში, დაახლოებით, 13 ქართველი დეპუტატი იმყოფება 21-23 მარტს EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, სამშაბათს გაკეთდა განცხადება, რომ „გაუქმდა ყველა მისია, შეხვედრა და ვიზიტი, რომელიც შუადღისას და ხვალ იგეგმებოდა [ევროპარლამენტში]“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც იქ ორი აფეთქება მოხდა. ქარდავამ, რომელიც არ დაშავებულა, თავის Facebook-ზე აფეთქებების შემდეგ დაწერა: „ეს იყო კატასტროფა. სრული პანიკაა აეროპორტში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button