Placeholder canvas
ახალი ამბები

ჟურნალისტის თქმით, მას პირადი ცხოვრების ვიდეოს გამოქვეყნების მუქარის არ ეშინია

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის არის ის ჟურნალისტი, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით დაემუქრნენ და აღნიშნა, რომ მას „ვერანაირი შანტაჟით ვერ“ გააჩუმებენ და ბოლომდე იბრძოლებს ამ "ძალიან სერიოზული ტერორის“ წინააღმდეგ.

„მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ გრიგოლია, ქალი, შვილი, დედა და მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება! ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც“, – განაცხადა გრიგოლიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში მის საავტორო გადაცემაში საუბრისას.

11 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც სავარაუდოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა, YouTube-ზე ანონიმური პირის მიერ მორიგი ვიდეო აიტვირთა, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები იყო ასახული და რომელსაც ასევე მუქარა ახლდა თან. მუქარის ტექსტი სამ პოლიტიკოსს, მათ შორის ერთ ოპოზიციონერს, და ასევე ჟურნალისტს მოუწოდებდა, რომ 31 მარტამდე უარი ეთქვათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას მათაც პირდებოდა.

„რა საკვირველია მე არ დავასახელებ, არცერთი პოლიტიკოსის გვარს პირდაპირ ეთერში, ვისზეც პირადი ცხოვრების ვიდეოთი შანტაჟი და მუქარა ამ ვიდეოთი გახდა ცნობილი, მაგრამ მე ვასახელებ ჩემს სახელს და გვარს, დიახ, მე ვარ ინგა გრიგოლია და მე მემუქრებიან“, – განაცხადა გრიგოლიამ, „სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის განწყობაზე“.

„არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე“, – დასძინა მან.

მისი თქმით, ეს არის „ძალიან სერიოზული ტერორი“, როცა „ვიღაც აფეთქების გარეშე ტერაქტებს გვიწყობს“ და ეს არის მიმართული „ყველას“, მათ შორის მათ წინააღმდეგაც,  ვისაც ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება.
 
„ამიტომ არ ვაპირებ მე გაჩუმებას, ჩემი შვილის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ახლა იწყება“, – განაცხადა გრიგოლიამ, დიდი ხნის ჟურნალისტმა, რომელიც 2010 წელს პოლიტიკაში წავიდა და ქრისტიან-დემოკრატებიდან საკრებულოს წევრი იყო, მაგრამ 2013 წელს ისევ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა.

მან ასევე თქვა, რომ „წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა“ და დასძინა, რომ ეს საქმე, რომელზეც მისი თქმით, საჯაროდ პირველად საუბრობს, დღემდე გამოუძიებელია.

„მე ვარ ძალიან კერკეტი კაკალი. ასე რომ ახლა უფრო მეტად, როგორც არასდროს, ისე მინდა ვიმუშაო პირდაპირ ეთერში და ყველაფერზე ვილაპარაკო ისე თამამად და თავისუფლად, როგორც ამას აგერ უკვე ბოლო ორი ათეული წელია ვაკეთებდი“, – განაცხადა გრიგოლიამ, რომელმაც „TV პირველში“ მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც აგვისტოს ბოლოს ტელეკომპანია „იმედში“ პოლიტიკური თოქ-შოუ დაუხურეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button