ახალი ამბები

აზერბაიჯანის და საქართველოს პრეზიდენტები სტრატეგიული პარტნიორობაზე თანხმდებიან



აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მასმედიის წარმომადგენლებთან განცხადებებს აკეთებენ 5 ნოემბერს თბილისი გამართული შეხვედრის შემდეგ. ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს და აზერბაიჯანი პრეზიდენტებმა თბილისში 5 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და „მეგობრულ“ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა, რომელმაც ორდღიანი ვიზიტი საქართველოში ხუთშაბათს დაიწყო, შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ორი ქვეყანა განაგრძობს არსებული „სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, რომლის მიზანია „საერთო ინტერესის სფეროებში მათი ურთიერთობების დონის შემდგომი ამაღლება, ურთიერთობათა გაღრმავებითა და გაფართოებით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ოცი წლის წინ დაწყებულმა „სტრატეგიულმა პარტნიორობამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შესძინა როგორც აზერბაიჯანს, ისევე საქართველოს და ასევე კავკასიის რეგიონს“. 

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვილაპარაკეთ იმ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაკავშირებს აზერბაიჯანს, იმ ძალიან შორს მიმავალი გეგმების შესახებ, რომელიც გვაკავშირებს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას“, – განაცხადა მან.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება იმ კეთილმეზობლურ სულისკვეთებას, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოცდებს. მე მახსენდება 2008 წელი – რუსეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანის ძალიან პრინციპული პოზიცია მაშინ. ბუნებრივია, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერი ტიპის გამოცდებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, გვაქვს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ხორციელდება ოკუპაციის გაღრმავების პოლიტიკა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ [სატრანზიტო] დერეფნის ერთგული პატრიოტები და ყველაზე ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ, რომ ვართ ერთგული ამ სატრანზიტო ფუნქციის“.

მან ასევე აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების და აზერბაიჯანული კომპანიების საქველმოქმედო საქმიანობების მნიშვნელობა.

თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას „ძალიან წარმატებული საპარლამენტო არჩევნები“ მიულოცა, რომელიც აზერბაიჯანში 1 ნოემბერს გაიმართა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის შემდგომი შესაძლებლობები, რომლებიც ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში იხსნება. მოხარული ვარ, რომ არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ საქართველოსთან უთანხმოება გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

„ჩვენ მეგობრები და ძმები ვართ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად  „გაზპრომთან“ თბილისის მოლაპარაკებების კონტექსტში მოექცა.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, საქართველოს „გაზპრომისგან“ გაზის შეძენა მოუწევს კომერციული კომპანიებისთვის და არა მოსახლეობისთვის, გარდა იმ მოცულობისა, რომელსაც ის უკვე იღებს რუსეთიდან სომხეთში განხორციელებული ტრანზიტის საფასურად, ვინაიდან აზერბაიჯანიდან დამატებით რაოდენობის იმპორტის შესაძლებლობა არ არსებობს. საქართველოს მოსახლეობა აზერბაიჯანული გაზით მარაგდება. კალაძის თქმით, დამატებითი ბუნებრივი აირი საქართველოში გაზის მოხმარების ზრდით გამოწვეული იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს 2015 წელს, რაც 2012 წლის შემდეგ 27%–იანი ზრდა იქნება.   საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანას ეს გაზი 2019 წლამდე დასჭირდება, სანამ შაჰ–დენიზის პროექტის მეორე ფაზა ამოქმედდება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ხანმოკლე და დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა ბაქოში 10 ოქტომბერს, სადაც ის პრეზიდენტ ალიევს შეხვდა, რამაც თბილისში სპეკულაციები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოულოდნელი ვიზიტი ურთიერთობების დარეგულირებას ისახავდა მიზნად  მას შემდეგ, რაც თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა „გაზპრომიდან“ გაზის მოწოდების თაობაზე ბაქოსთან ურთიერთობებში შესაძლო უთანხმოება გამოიწვია. 

კახა კალაძე, რომელიც ვიცე–პრემიერიცაა, თბილისში 5 ნოემბერს საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად. მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული „გაზპრომთან“ საქართველოს მოლაპარაკებების საკითხი.

ევროპაში ენერგო ტრანზიტის მარშრუტის მნიშვნელობაზე და შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტზე საუბრისას პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა თავის ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომ აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის უზარმაზარი რეზერვები გააჩნია, რაც საკმარისია მომდევნო ასი წლის მანძილზე არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ მეზობლების და ევროპის მომარაგებისთვის.

ერთობლივ დეკლარაციაში ორმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ფარგლებში, დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, ერთობლივი  ძალისხმევის გაგრძელება და, ამ კონტექსტში, 2016 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების უზრუნველყოფა“. 

პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთების ტრანზიტის ერთიან პოლიტიკაზე უნდა შეთანხმდნენ. „ეს დაეხმარება ჩვენ ქვეყნებს შორის ტვირთების ბრუნვის ზრდას; იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მან.

ორი პრეზიდენტის დეკლარაციაში ასევე ნახსენებია „სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგიის სატრანზიტო დერეფანი აზერბაიჯანიდან საქართველოს ენერგოსისტემის გავლით თურქეთის მიმართულებით“. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, იგეგმება მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის თბოელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანზიტი  თურქეთში საქართველოს გავლით განხორციელდება.

რაც შეეხება თავდაცვას და უსაფრთხოებას, ერთობლივი დეკლარაცია აღნიშნავს „თავდაცვისა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას როგორ ორმხრივ დონეზე, ასევე "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამის ფარგლებში“ და „სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რეგულარული კონსულტაციების დამკვიდრებას, მაღალ სამოქალაქო და სამხედრო დონეზე“.

ერთობლივ დეკლარაციაში ორი პრეზიდენტი ადასტურებს „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის მნიშვნელობისა და დელიმიტაციის პროცესის დასრულების დაჩქარების აუცილებლობას“.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი 6 ნოემბერს ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

6 ნოემბერს მარგველაშვილი და ალიევი მარნეულს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button