ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის კერძო დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ‘არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო „პოლიტიკური სარჩულის“ არსებობა „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე „კერძო“ დავის ფონზე, ხელისუფლების ვალია ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, სადაც „სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა“.

წერილობითი განცხადება ღარიბაშვილმა 6 ნოემბერს მას შემდეგ გაავრცელა, რაც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე არსებული სასამართლო დავის პირობებში, მოსამართლემ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა.  აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ „უაღრესად შეშფოთებულია“ ამ გადაწყვეტილებით და აღნიშნა, რომ „სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს“.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მკაფიოდ და ნათლად დავაფიქსირო ხელისუფლების პოზიცია“, – ნათქვამია ღარიბაშვილის წერილობით განცხადებაში, სადაც პრემიერი იმეორებს ხელისუფლების პოზიციას, რომ „რუსთავი-2“  დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის „კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა“.

„ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად“, – ამბობს ღარიბაშვილი. 

„ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და, მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას“, – აღნიშნავს პრემიერი თავის განცხადებაში. 

„ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს“, – აცხადებს ის და დასძენს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე „მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა“.

„პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ“, – აცხადებს ღარიბაშვილი. 

„ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ – ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

მსგავსი/Related

Back to top button