ICC-ის პროკურორი თბილისში ჩამოვიდა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი ფატუ ბენსუდა 15 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მან ორი დღით ადრე განაცხადა, რომ ICC-ის მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოსაძიებლად ნებართვის მიღების თხოვნით მიმართა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ის მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ICC-ის პროკურორს პარასკევს შეხვდება და გადასცემს ყველა იმ მასალას, რომელიც საქართველომ 2008 წლიდან დაწყებული შიდა გამოძიების ფარგლებში მოიპოვა.
ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ მისი სურვილია გამოძიებამ 2008 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი მოიცვას, როცა რუსულმა ძალებმა დატოვეს საქართველოს ის ტერიტორიები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდათ ოკუპირებული.
თავის 160-გვერდიან მიმართვაში ICC-ის მოსამართლეების მიმართ, ჰააგაში განთავსებული სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის წინასწარი მოკვლევის შედეგად, რომელიც მისმა ოფისმა დაახლოებით 7 წლის განმავლობაში აწარმოა, ამ ეტაპზე „დასაბუთებულად“ იქნა მიჩნეული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული შემდეგი დანაშაულები: „ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“ და „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე – ქართული ძალების მიერ“.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ეთნიკური წმენდის საკითხთან ერთად ასევე გააკეთებს აქცენტს წამების ფაქტების გამოძიების საჭიროებაზეც.
„გამოვიყენებთ იმ პროცედურულ უფლებებს, რაც გვაქვს რეგლამენტით მონიჭებული და შესაგებელს წარვადგენთ, რომ გამოძიების სხვა მიმართულებებიც იყოს პირველივე დღიდან პრიორიტეტული; მათ შორის, მაგალითად, ქართველი სამხედროების წამება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ქართულ, რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიების დაწყების უფლება პროკურორს ICC–ის სამი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ უნდა მისცეს.
საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი არ არის რომის სტატუსის მონაწილე, რომლის საფუძველზეც 2002 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩამოყალიბდა.
15 ოქტომბერს გავრცელებულ კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული მხარე ასევე თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან, რომელსაც რუსეთში წარმოებული გამოძიების ხელთ არსებული მასალების 30-ზე მეტი ტომი გადასცა.
თუმცა მოსკოვი, იმავდროულად, ICC–ის პროკურორის ოფისის წინასწარი მოსაზრებების მიმართ გარკვეულ უნდობლობას გამოთქვამს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის დასკვნებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობები საერთაშორისო გამოძიების საგანი არ გახდება, პროკურორს ეჭვი აქვს ასევე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე-მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, ICC-ის გამომძიებლები აღსაძრავი საქმის ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამენ შეუდგნენ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის მეამბოხეების ქმედებების გამოძიებას, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების [ქმედებების], რომლებიც, როგორც პროკურატურა ვარაუდობს, შესაძლოა ამ ქმედებების თანამონაწილენი იყვნენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება, მის დაწყებაზე ნებართვის შემთხვევაში, ასევე შეისწავლის სხვა სავარაუდო დანაშაულებსაც, როგორიცაა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. თუმცა ამ ეტაპზე ICC-ის პროკურორს არ აქვს საკმარისი მტკიცებულება, რათა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ეს ბრალდებები შესაძლო სამხედრო დანაშაულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში.
ICC–ის პროკურორი ასევე აცხადებს, რომ დაეკისრებათ თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სამხრეთ ოსური ძალების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებების გამო, იმ მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც შესაძლო გამოძიების პროცესში შეგროვდება.
„2008 წლის აგვისტოს მოვლენების რეალობისგან ასე შორს მყოფი ინტერპრეტაცია და ამის ამსახველი დოკუმენტები, რაც რეალურად ხელს აფარებს სააკაშვილის რეჟიმს, ნაკლებად თუ შესძენს ნდობას ICC-ის პროკურორის ოფისს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ვიმედოვნებთ იმას, რომ ICC-ის პროკურორის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლეები გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლიანობის პრინციპებს უპასუხებს“, – ნათქვმია 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.