ახალი ამბები

‘კორტების სპეცოპერაციის’ საქმეზე ბრალდებული შვიდი სპეცრაზმელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

შვიდი სპეცრაზმელი, რომლებიც ე.წ. ‘კორტების სპეცოპერაციის’ საქმეზე თებერვლის დასაწყისში დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 17 აგვისტოს გაათავისუფლა. 

მათ წინასწარი პატიმრობა 4 თებერვალს პოლიციის კიდევ ოთხ ყოფილ ოფიცერთან ერთად შეეფარდათ, რომელთაც ბრალად ედებათ 2006 წლის მაისის გახმაურებული საპოლიციო ოპერაციის დროს  ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის  განზრახ მკვლელობა, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონო დაკავება.

მაშინ პოლიციამ თბილისის კორტებთან მომხდარ თავდასხმას „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია უწოდა. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ. საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და ის გახსნილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში უარყო მანამდე გავრცელებული ოფიციალური ვერსია, თითქოს კორტების სპეცოპერაციისას მოკლული და დაჭრილი ახალგაზრდები ყაჩაღური ჯგუფის წევრები იყვნენ. მან ამ საქმეზე ყოფილი და მოქმედი 11 სამართალდამცავი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.

დაკავების მომენტში ექვსი ბრალდებული მოქმედი სპეცრაზმელი იყო, ხოლო მეშვიდე, რომელიც ასევე დღეს გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, „კორტების სპეცოპერაციის“ დროს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ამ ჯგუფის უფროსი კი, რომელიც ასევე დაკავებულია, კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტში, როცა ის ასპინძაში პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს სიტყვით მიმართავდა, განაცხადა, რომ „უსამართლობაა“ სპეცრაზმელის დავალების შესრულების გამო დასჯა. „თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი“, – განუცხადა მან სამართალდამცავებს.

მსგავსი/Related

Back to top button