skip to content
ახალი ამბები

რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ–ერთმა ყოფილმა მფლობელმა მიმართა სარჩელით საკუთარი წილის დასაბრუნებლად, ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
 
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის თანამფლობელი იყო 2004–2006 წლებში, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე  „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღება მოითხოვა.
 
„რუსთავი 2“–მა, რომელმაც დაგმო ხალვაშის ქმედებები როგორც მთავრობის მიერ მართული ქმედება რათა კონტროლი დაამყაროს ტელეკომპანიაზე, განაცხადა 7 აგვისტოს, რომ სასამართლოს განჩინება ქონების დაყადაღების თაობაზე უკრძალავს ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ გაყიდონ საკუთარი აქციები, ასევე გაყიდონ ან გააქირავონ ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა, მანქანები და სხვა ქონება.
 
„ამ განჩინების თანახმად ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს კერძო პირისგან, ვერ ავიღებთ კრედიტს ბანკისგან, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვერ გავაქირავებთ ჩვენ შენობებს, ეკრანებს და ასე შემდეგ, რაც გაქირავებული გვაქვს და ვიღებთ აქედან შემოსავალს“, – განაცხადა „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
 
გვარამიამ სასამართლოს განჩინებას უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ სასამართლოს განჩინებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. მან მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
 
ხალვაში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „რუსთავი 2“–ის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასაც ითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, განაცხადა გვარამიამ.
 
გვარამიამ ივარაუდა, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მოთხოვნა, რასაც ტელეკომპანიის მუშაობის შეწყვეტა მოყვებოდა, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შიშით არ დაკმაყოფილდა.
 
„რუსთავი 2“-ის თქმით, მან სასამართლოს განჩინება, რომელიც 5 აგვისტოთია დათარიღებული, პარასკევს მიიღო.
 
„სასამართლოს განჩინება ამტკიცებს, რომ ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული და არაფერი საერთო მას საკუთრების უფლებასთან არ აქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი/Related

Back to top button