ახალი ამბები

თბილისი მიესალმება ირანის ბირთვულ შეთანხმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯს“.

14 ივლისს ვენაში ირანსა და P5+1 (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და გერმანია) შორის მიღწეული შეთანხმება თეირანს სანქციებს შეუმსუბუქებს ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვისა და გრძელვადიანი კონტროლის დაწესების სანაცვლოდ.

15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ „გეგმით გათვალისწინებული შემდგომი პროცესი განხორციელდება შეთანხმებული პარამეტრების სრული დაცვით“.

„ქართული მხარე გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ ხანგრძლივი და აქტიური დიპლომატიური პროცესის შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და დიალოგის გზით შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული რთული საკითხების გადაჭრის გეგმაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სამინისტრო მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მიესალმება მოლაპარაკებებში ჩაბმული მხარეების განსაკუთრებულ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

„ამასთან, მიღწეული შეთანხმება განაპირობებს ურთიერთობების ნორმალიზებას ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის, რაც გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს როგორც რეგიონის სახელმწიფოებისთვის, ისე მთლიანად მსოფლიოსთვის“, – აღნიშნავს სამინისტრო განცხადებაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან გუბაზ სანიკიძემ, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ბოლო ათი თვის გამავლობაში ორჯერ სტუმრობდა ირანს, განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ძალიან მნიშვნელოვანია“ საქართველოსთვისაც. 15 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საუბრისას, მან მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს „გაააქტიუროს ურთიერთობები ირანის მიმართულებით“. 

„ირანი შეიძლება გახდეს სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს ეძლევა სერიოზული შანსი ითამაშოს სერიოზული გამტარის როლი დასავლეთსა და იგივე ირანულ სამყაროს შორის ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი წლები ჩვენთვის. ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით მიდის კარგად, სწორი სვლით და სწორი გათვლებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული პროცესების ფორსირება ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით. იგივე რუსეთთან დაკავშირებით ეს ხელშეკრულება ძალიან სერიოზულ პოზიტივს აძლევს ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ პროცესებს, რომელიც ხდება არა მარტო ჩრდილოეთში, არამედ სამხრეთში იმიტომ, რომ ძალიან მალე შეიძლება სამხრეთში მიმდინარე პროცესებმა განსაზღვროს ჩვენი საკითხები და ჩვენი პრობლემების გადაჭრა დაიწყოს ჩრდილოეთის მიმართულებით… ძალიან სერიოზული პროცესი იწყება, სადაც ჩვენ ძალიან ფრთხილად და ძალიან  მობილიზებულად, ამავე დროს, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button