ახალი ამბები

ღარიბაშვილი რიგის აღმოსავლეთ პარტიორობის სამიტის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა საქართველოსთვის „მნიშვნელოვან და წარმატებულ“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს რიგაში, სადაც „მე პირადად გადმომცეს ნათელი მესიჯი“, რომ მოლდოვას შემდეგ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმს მიიღებს საქართველო; მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ პროცესში შესაძლოა საქართველოს „გამიჯვნა“ მოხდეს უკრაინისგან.

„ჩვენ გავქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში, მანამდე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ  ტექნიკური პროცედურები დავასრულოთ, თანაც დროზე ადრე“, – განუცხადა მან რიგაში ქართველ ჟურნალისტებს სამიტის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირი მიესალმა აქამდე მიღწეულ პროგრესს და განაცხადა რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 21-22 მაისის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში, რომ საქართველოს და უკრაინის მიერ რეფორმების კუთხით დასახული ყველა კრიტერიუმის შესრულება საშუალებას მისცემს ევროკომისიას, რომ ამ ორი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის წინადადება ევროპული საბჭოს წინაშე დააყენოს. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმათა შესრულების  მომდევნო ანგარიშის ვადად 2015 წლის ბოლოა განსაზღვრული, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული რაიმე ვადა, თუ როდის მიიღებს ორი ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მას შემდეგ, რაც ყველა დარჩენილ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„ჩვენთვის, საქართველოსთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და წარმატებული სამიტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ჩვენ შემთხვევაში ცალსახად გამოჩნდა და გამოიკვეთა, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორც ჩემთან პირად საუბრებში, ასევე  საჯაროდ მოხდა ამის დადასტურება, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს – ეს არის ცალსახა და ამას ყველა აღნიშნავს ერთხმად“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული პროცესი წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო, „ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა, გვაქვს ცალსახად პროგრესი და მიმაჩნია, რომ დიახ, ეს იყო წარმატებული სამიტი ჩვენ შემთხვევაში“.

„რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორის და არსებული კონიუქტურის გათვალისწინებით რაც არის ახლა ევროპაში, იდეალური შეიძლებოდა არ ყოფილიყო ყველასთვის, სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, მძიმე ვითარება არის უკრაინაში  და ევროპის ლიდერებს მოუწიათ ანგარიში გაეწიათ შექმნილი ვითარებისთვის – უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა აუცილებელი“, – განაცხადა მან.

„ასე რომ, მე მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ის ტექნიკური პროცედურები დასრულდება და ყველამ გვითხრა, მე პირადად გადმომცეს ნათელი მესიჯი, რომ პირველი იყო მოლდოვა [რომელმაც უვიზო რეჟიმი 2014 წლის აპრილში მიიღო], შემდეგი არის საქართველო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„ასე რომ, ეს უნდა გავმიჯნოთ“, – განაგრძო მან, „ჩვენ შეიძლება უკრაინასთან ერთად არ მოგვცენ ეს უვიზო [რეჟიმი], შეიძლება მოხდეს გამიჯვნა. უფრო აქეთ… წინასწარ არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ…“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს.  

„პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ შემდეგი არის საქართველო. ამაზე ღიად ჯერ საუბარი არ გვსურს, არ გვინდა, რომ მოლოდინები გავაჩინოთ მოსახლეობის, მაგრამ პრაქტიკულად,  ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რიგის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის შეხვდა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს, იტალიის პრემიერ-მინისტრს  მატეო რენცის, ბელგიის პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ალექსის ციფრასს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს მირო ცერარს,  ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს, ხორვატიის  პრემიერ-მინისტრს ზორან მილანოვიჩს, შვედ კოლეგას სტეფან ლოფენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საქართველოს მთავრობა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან, ერთი მხრივ, ვერ მოახერხა უფრო აქტიურად ემუშავა ევროპელ პარტნიორებთან, ხოლო მეორე მხრივ, უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს „სერიოზული კორექტირება“ სჭირდება.

„ეს არის პირდაპირი შედეგი უნიათობის და არაკომპეტენტურობის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ავლენს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა, „ამ შემთხვევაში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის, ჩვენი პოზიციების ახსნის, სათანადო ლობირების ეს ერთი პრობლემაა, მეორეს მხრივ, პრობლემებია ქვეყნის შიგნით.  ყველა ამ პრობლემის გამო  ჩვენ, როგორც ჩანს,  შევფერხდით ძალიან სერიოზულად და მნიშვნელოვნად, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ, უნდა მოვაგვაროთ პრობლემები ქვეყნის შიგნით და აუცილებლად მივაღწიოთ იმას, რომ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს“.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც 2014 წლის ნოემბრამდე ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა: „საქართველოს მთავრობას არ უმუშავია სათანადოდ თავის პარტნიორებთან. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ თურმე ტექნიკური მხარე საქართველოს ჯერ მოგვარებული არ აქვს და ეს გახდა, პრინციპში, იმის მიზეზი, რომ არც კი განხილულა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების თარიღის დაკონკრეტება… პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, უფრო იოლი მისაღწევი იქნებოდა, ჩვენ რომ ტექნიკური მხარე გვქონდეს 100%–ით შესრულებული. ეს არის საქართველოს მთავრობის დიდი ჩავარდნა“.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „ის სამწუხარო პროგნოზები, რომელიც მე მქონდა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, გამართლდა. სახეზეა ჩვენი საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი. ჩვენ ვერ შევძელით ამ ბოლო ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში არა თუ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არამედ უკან დავიხიეთ იმ მიმართულებით, რასაც დასავლეთთან თანამშრომლობა ქვია.  ჩვენ დიდი ხანია გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა – ოღონდ ვერც ერთხელ ამ კარში ვერ შევედით. ახლა ჩვენ უკვე მოვისმინეთ ახალი ტერმინოლოგია ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირთან გაწევრიანებასთან. გვაქვს წინ თურქეთის მაგალითი, რომელიც უკვე ათეულობით წლებია ელოდება ევროკავშირში წევრობას“.

„ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ განგვიცხადა, რომ თურმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოებასთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს; ეს შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს. და ჩვენ სრულიად სახეზე გვაქვს ის, რომ სრული კრახია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს სერიოზული კორექტირება სჭირდება“, – დასძინა ბურჯანაძემ.

 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button