ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ სააკაშვილი ‘ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე’ საუბრობს

თბილისის ცენტრში შაბათს ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციის კომენტირებისას საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე“.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას“, – დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე  სააკაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება, „ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე“.

ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აქტიურ კამპანიას ახორციელებდა აქციამდე, მათ შორის რეგიონებში და ასევე სატელევიზიო რეკლამების საშუალებით, თავდაპირველად პარლამენტის წინ აპირებდა აქციის გამართვას, თუმცა პარასკევს განაცხადა, რომ მან ადგილი შეცვალა და აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ აქციაზე იმაზე უფრო მეტი ადამიანი მივა, ვიდრე ისინი თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქცია. „საქართველოში, მე მგონი, ყველა ხვდებით, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა ან წარსულისა, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით“, – უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ის 19 მარტს ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრას დაესწრო.

„ეს არის ბევრად უფრო ფართო, ვიდრე რაღაც პარტიულ ინტერესებზე აგებული აქცია. ეს არ არის საარჩევნო აქცია, ეს არის ქვეყნის გადარჩენისთვის ბევრად უფრო ფართო ბრძოლა და ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 20 მარტს: „რას გიშავებს ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს?“ მან ასევე განაცხადა, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, მოქმედი მთავრობა თავის ოპონენტებს შესაძლებლობას აძლევს თავისუფლად გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, მათ შორის „თავიანთი სიცრუის დემონსტრირება მოახდინონ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომლის წარმომადგენლებიც აქციასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს 19 მარტს შეხვდნენ, შაბათს მოძრაობა გადაიკეტება თავისუფლების მოედანზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქცია და განაცხადა, რომ ეს არის „დესტრუქციული ძალების“ მცდელობა, რომ „ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება“.  მან ეს განცხადება 21 მარტს მარნეულში გააკეთა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

„დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას და არგანვითარებას. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული და ერთმანეთს სიყვარული დავუდასტუროთ, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. აი, ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მაგრამ ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის, ჩვენ გვჯერა ძლიერი საქართველოსი და ძლიერი რეგიონის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button