ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძეა არჩეული



ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარე გახდა; ასევე 20 მარტს პარლამენტმა მერაბ ტურავა (მარჯვნივ) საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრად დაამტკიცა. ვიდეოს კადრში, რომელიც 20 მარტის პარლამენტის სხდომაზეა გადაღებული, ასევე ჩანს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე (მარცხნივ).

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნინო გვენეტაძე აირჩია 20 მარტს.

მის ამ თანამდებობაზე 10 წლით გამწესებას ერთთვიანი განხილვების შედეგად 88 დეპუტატმა მისცა არცერთის წინააღმდეგ.

ყოფილ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ამოეწურა. მისი მმართველობის პირობებში, 2005 წლის დეკემბერში გვენეტაძეს უზანაესი სასამართლოს წევრობა ვადამდე შეუწყდა პროცესუალური გადაცდომების მოტივით მას შემდეგ, რაც მან კოლეგა ე.წ. „მეამბოხე მოსამართლეებთან“ ერთად მაშინდელი ხელისუფლება საჯაროდ დაადანაშაულა ზეწოლაში.

გათავისუფლებამდე ნინო გვენეტაძე ექვსი წლის განმავლობაში ატარებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას; მანამდე, 1998-1999 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა; ის არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის სიით იყრიდა კენჭს, თუმცა დეპუტატი ვერ გახდა. მან რესპუბლიკელების რიგები 2012 წლის არჩევნების შემდეგ მაშინ დატოვა, როცა პარტიამ ქართული ოცნების კოალიციის სხვა პარტნიორ პარტიებთან ერთად ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადაინაცვლა.

ნინო გვენეტაძეს, რომელზეც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შერჩევის ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ გააკეთა არჩევანი შეთავაზებულ 28 კანდიდატურას შორის, თავიდანვე გამოუთქვეს მხარდაჭერა დეპუტატებმა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დიდმა ნაწილმა.

თუმცა მმართველ უმრავლესობაში ერთსულოვანი პოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატის მიმართ არ ყოფილა, რადგან ზოგიერთ დეპუტატს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ მსურველს, ზაქარია ქუცნაშვილს გარკვეული კითხვები ჰქონდა მის მიმართ.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა, რომლის დეპუტაციაც 20 მარტს გამართულ კენჭისყრას საერთოდ არ ესწრებოდა პლენარულ სხდომათა დარბაზში, თავიდანვე აცხადებდა, რომ არ უჭერდა მხარს გვენეტაძის კანდიდატურას, რადგან მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში სასამართლო სისტემა კორუფციაში იყო ჩაფლული.

უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი, ე.წ. „მემბოხე მოსამართლე“, მერაბ ტურავა დღესვე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაამტკიცა. 

ეს მისი ამ თანამდებობაზე არჩევის უკვე მეორე მცდელობა იყო, რადგან პირველ ჯერზე, დეკემბერში მისი კანდიდატურა 69 ხმით ჩავარდა. ტურავას 10 წლით არჩევას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიერ იქნა წარდგენილი, 20 მარტის კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button