ახალი ამბები

აქტივისტები მოსმენების შესახებ სადავო რეგულაციების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებენ



აქტივისტებს 19 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ხელში ეკავათ შემდეგი შინაარსის ბანერები: „ისმინეთ ჩვენი ხმა – ნუ გვისმენთ“; "მოქალაქეებზე კონტროლის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება"; "უკონტროლო მოსმენები დაკანონდა"; "შინაგან საქმეთა სამინისტრო – შენი ერთგული მესაიდუმლე"; "ჩვენ გვესმის თქვენი ისე, როგორც არავის"; "დეპუტატებო, ამომრჩეველს უსმენენ". ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქტივისტები, რომელთაც ხელში ეკავათ ბანერები „უკანონო მოსმენების“ წინააღმდეგ, 19 დეკემბერს რუსთაველის გამზირის გასწვრივ დამწკრივდნენ, რათა ცოტა ხნის წინ მიღებული ის საკანონმდებლო ცვლილებები გაეპროტესტებინათ, რომლებიც შსს-ს  საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომის უფლებას უტოვებს. 

აქტივისტები უკონტროლო ფარული მიყურადების წინააღმდეგ წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ წარმომადგენლები იყვნენ.

ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შსს-ის უტოვებს ბერკეტს საკომუნიკაციო საშუალებებზე ჰქონდეს პირდაპირი წვდომა; იმავდროულად, ის უფლებას აძლევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული თანხმობა მისცეს სამართალდამცველ ორგანოებს მოსმენების განხორციელებაზე, სასამართლო ნებართვის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ოპონენტები აცხადებენ, სანამ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ხელში რჩება წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე ე.წ. „შავი ყუთთთან“, მას მარტივად შეუძლია  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით მოუსმინოს ფარულად. 

აქტივისტები აცხადებდნენ 19 დეკემბერს, რომ ისინი განაგრძობენ კამპანიას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საპროტესტო აქციებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენით და ლობირებით; ისინი ასევე შეეცდებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიაღწიონ სადავო საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებას. 

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მზადდება სარჩელი, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობა, რომელიც შსს-ს პირდაპირ წვდომას უნარჩუნებს საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს. მისი ინფორმაციით, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში შეიტანენ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა 30 ნოემბერს პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა 19 დეკემბერს, რომ ნოემბერში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები „ბევრად უკეთეს სტანდარტს აწესებს“.

„სისტემის გაუმჯობესებისთვის მომავალშიც გაგრძელდება დიალოგი და არასამთავრობო სექტორთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button