გერმანიის კანცლერი მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის პრემიერ–მინისტრებს შეხვდა
მარცხნიდან მარჯვნივ: მოლდოვას პრემიერ–მინისტრი იურიე ლიანკე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკი 29 მაისს ბერლინში პრესისთვის განცხადებებს აკეთებენ. ფოტო: საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოთხშაბათს საღამოს ბერლინში მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის პრემიერ–მინისტრებს შეხვდა.
მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის პრემიერ–მინისტრებთან, იურიე ლიანკესთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და არსენი იაცენიუკთან სამუშაო ვახშამის დროს მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილა, კერძოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში.
მოგვიანებით ერთობლივ ბრიფინგზე სამი პრემიერ–მინისტრის გვერდზე მდგომმა გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებები, რომლებსაც საქართველო და მოლდოვა 27 ივნისს მოაწერენ ხელს და რომლის პოლიტიკურ ნაწილსაც უკრაინამ უკვე მოაწერა ხელი, დაეხმარება ამ სამ ქვეყანას თავიანთ სწრაფვაში, რომ უფრო ახლო ურთიერთობები ჰქონდეთ ევროკავშირთან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია“.
„ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს“, – განაცხადა მან, „ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან და არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან და ვახდენთ იდეალური ბალანსის დამყარებას“.
„ჩვენ ვართ მზად, წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ავაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში“, – დასძინა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ–მინისტრები 29 მაისს ქალაქ აახენში დაესწრებიან ცერემონიას, რომლის დროსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის კარლოს დიდის სახელობის ჯილდო გადაეცემა ევროპის კონსოლიდაციისა და ევროკავშირის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი კანცლერ მერკელს 2 ივნისსაც შეხვდება ბერლინში.
„ის ფაქტი, რომ დროის მცირე მონაკვეთში, გერმანიის კანცლერი ორჯერ იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავისთავად მეტყველებს ძალიან დიდ მხარდაჭერაზე, რომელსაც გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ იჩენს“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ. „გერმანიასთან თანამშრომლობა გახდა ძალიან ინტენსიური თითქმის ყველა სფეროში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)