ახალი ამბები

პროკურატურამ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა გახსნილად გამოაცხადა

მთავარმა პროკურატურამ ცხრა წლის წინ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაში შსს-ის მაშინდელი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორს ერეკლე კოდუას დასდო ბრალი.

2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა ასევე კოდუას ქვემდებარე სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცრაზმელების მონაწილეობით დეპუტატის წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციას. 

ერეკლე კოდუა, რომელმაც ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, ამჟამად ინტერპოლით იძებნება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდზე  გასულ თვეში წაყენებული ბრალდებების გამო.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, კოდუამ გელაშვილზე თავდასხმა იმ საგაზეთო ინტერვიუს გამო დაგეგმა, რომელშიც დეპუტატი „ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე“ საუბრობდა.

ამავე მიზეზით გელაშვილმა თავდასხმა თავიდანვე მაშინდელ ხელისუფლებას დაუკავშირა, რასაც 2006 წლის მარტში მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოყვა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მოტივით მას შემდეგ, რაც თბილისის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილი ხანძარი გელაშვილის კუთვნილ სამშენებლო კომპანიის ინტერესებს დაუკავშირა. გელაშვილი 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელახლა გახდა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან. 

24 აპრილს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აგრძელებს გამოძიებას „დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად“.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლის რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყო გელაშვილი თავდასხმის დროს, მიესალმა საქმის გახსნას, თუმცა განაცხადა: „ცუდია, რომ ამას 9 წელი დასჭირდა“.

„მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს ექნება გაგრძელება იმიტომ, რომ ეს თემა არა მგონია იმ ადამიანების თავში მომწიფდა, ვინც გამოძიებამ დაასახელა… ის პირები, ვინც ბრალდებული არიან, დამაჯერებლად აგვიხსნიან თავად მოიფიქრეს თავიანთ სამუშაო კაბინეტში ვალერი გელაშვილის დასჯა თუ ვინმემ სხვამ დაავალა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button