ახალი ამბები

ბურჯანაძის ოპოზიციურმა კოალიციამ თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა

15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებულმა კოალიციამ „ერთიანი ოპოზიცია“ თბილისის მერობის კანდიდატად ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.

ლორთქიფანიძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომელმაც განსხვავებით მისი მაშინდელი თანაგუნდელებისგან, 2008 წლის არჩევნების შემდეგ უარი არ თქვა სადეპუტატო მანდატზე.  2009 და 2012 წლებში მას ასევე სურდა სახალხო დამცველის პოსტის დაკავება, თუმცა მისი ეს ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

ახალ ოპოზიციურ კოალიციაში ამ ეტაპზე ოთხი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება შედის: ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ჯონდი ბაღათურიას ქართული დასი და მემარცხენე ალიანსი – გაერთიანება, რომელიც ლეიბორისტული პარტიიდან გასულმა წევრებმა შექმნეს. 

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ კოალიციის კარი ღია რჩება სხვა არასაპარლამენტო პარტიებისთვის, თუმცა დასძინა, რომ დრო „შეზღუდულია“.

„ჩვენ ვქმნით ერთიან ოპოზიციას, ძლიერ ერთობას იმისათვის, რომ შევიტანოთ აუცილებელი გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ დავუშვათ ქვეყანაში ხელოვნურად ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანას არ მართავდნენ არც დამნაშავეები და არც დილეტანტები… დადგა დრო ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული, ქართული ღირებულებების მქონე პროფესიონალთა გუნდი“, – განაცხადა ბურჯანაძემ 4 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე.

მისი თქმით,  ერთიანი ოპოზიცია „გამარჯვებისთვის“ იბრძოლებს არა მარტო ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც.

იმავდროულად, ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს, თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად მსახიობი ასმათ ტყაბლაძე წარადგინა 2 აპრილს.

მწვანეთა პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის რიგები თებერვალში დატოვა, მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ სურვილი აქვს თბილისის მერად იყაროს კენჭი.

ქართული ოცნებიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იქნება.

მას ნაციონალური მოძრაობიდან ძველი თბილისის ამჟამინდელი გამგებელი ნიკა მელია დაუპირისპირდება, რომელიც პირველია ამ ეტაპზე ცნობილ ხუთ კანდიდატს შორის, რომელმაც საარჩევნო სარეკლამო კამპანია დაიწყო.

კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ოფიციალურად დანიშნავს არჩევნების თარიღს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button