
სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებენ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება ახალარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება.
სააკაშვილმა, რომელიც ერთ კვირაზე მეტია ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ ამჟამად განიხილავს უცხოური უნივერსიტეტების რამდენიმე წინადადებას მის სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე.
„ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ“, – აცხადებს სააკაშვილი განცხადებაში, რომელიც თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
უფრო ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები არ დაესწრებიან პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს. პარტიის განცხადებით, მისმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება 27 ოქტომბერს მიულოცა, რითაც „ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ამომრჩევლის მიმართ“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის მიმართ, პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშაა, ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება შეუძლებლად მიგვაჩნია“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
სააკაშვილმა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ასევე ოფიციალურად არის მიწვეული ინაუგურაციაზე, მისი წაუსვლელობის იგივე მიზეზი დაასახელა.
„ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, კუდიანებზე ნადირობის ირაციონალური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ახლა ციხეში არიან. ამ ვითარებამ ჩვენი დემოკრატიის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაგვებარებინა, ჩაშალა, ხოლო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივა გაურკვევლობის დროში გადაისროლა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი წერილობითი განცხადების გავრცელებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ბრიფინგი გამართა, სადაც ინაუგურაციაზე სააკაშვილის დასწრების სანაცვლოდ წინაპირობები წამოაყენა.
„დღეს მაქვს უფლებამოსილება, რომ განვაცხადო პრეზიდენტის სახელით… თუ ხვალ დღის ბოლომდე ახალი ხელისუფლება გამოაცხადებს, რომ ისინი შეწყვეტენ წინასწარი პატიმრობების პრაქტიკას ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც ციხეში არიან; თუ ისინი იტყვიან, რომ ეს სასახლე… კვლავაც იქნება პრეზიდენტის სასახლე, მაშინ პრეზიდენტი აუცილებლად დაესწრება ინაუგურაციას“, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩართულია ინაუგურაციის საორგანიზაციო ღონისძიებებში, მაგრამ ის არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს „იმ ადამიანის ზეიმში, ვისაც ვერ გაურჩევია ქვეყნის მტერი და მოყვარე“.
იმავდროულად, ქუთაისში 15 ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ მას შემდეგ, რაც პოლიციის აკადემიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა და კანონპროექტზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დეპუტატს „ნაბიჭვარი“ უწოდა.
იზორიამ დეპუტატებს წარუდგინა საკანომდებლო ცვლილებები, რომელიც პოლიციის აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს და რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება. განხილვა მინისტრის მოადგილესა და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც აკაკი ბობოხიძემ ნაციონალური მოძრაობიდან მას ადგილიდან უთხრა „ბებიაშენს წაუკითხე“, რაზეც იზორიამ ტრიბუნიდან უპასუხა: „ბაბუაშენს წაუკითხე, გასაგებია. ბობოხიძე შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ… ნაბიჭვარი ესა“. სხდომის წამყვანს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს ინციდენტის გამო, რომლის ფარგლებიც სიტყვიერი შეურაცხყოფას არ გასცდენია, მცირე შესვენების გამოცხადება მოუხდა, რომლის დასრულების შემდეგაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. მოგვიანებით ინციდენტის გამო იზორიამ ბოდიში გადაუხადა პარლამენტს და საზოგადოებას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც კოლეგებსაც და მთავრობის წევრებსაც სამომავლოდ თავშეკავებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ „ინციდენტი ამოწურულია“.
This post is also available in: English Русский