skip to content
ახალი ამბები

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ნოემბერს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა  გიორგი მარგველაშვილის  არჩევნებში გამარჯვება.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 1 660 976 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 46.95%–ს შეადგენს.  

არჩევნების საბოლოო შედეგები: 

გიორგი მარგველაშვილი, კოალიცია ქართული ოცნება – 1 012 569 ხმა (62.12%)
დავით ბაქრაძე, ნაციონალური მოძრაობა – 354 103 ხმა (21.72%)
ნინო ბურჯანაძე – 166 061 ხმა (10.19%)
შალვა ნათელაშვილი – 46 984 ხმა (2.88%)
გიორგი თარგამაძე – 17 354 ხმა (1.06%)

დანარჩენმა 18 კანდიდატმა ხმების 1%–ზე ნაკლები მიიღო თითოეულმა. უფრო დეტალურად შედეგები იხილეთ რუკაზე.

სამი კანდიდატი (მარგველაშვილი, ბაქრაძე და ბურჯანაძე), რომელთაც ხმების 10%–ზე მეტი მიიღეს, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს კამპანიის ხარჯების დასაფარად თითოეული არაუმეტეს 1 მილიონი ლარის ოდენობით.

მარგველაშვილმა არჩევნები 73–ივე ოლქში მოიგო; ყველაზე მეტი ხმა, 94.21%, მან საჩხერის რაიონში, ხოლო ყველაზე ნაკლები, 45.8%, სენაკში დააგროვა.

სულ სამი ოლქია, სადაც მარგველაშვილმა მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლები მიიღო; ესენია: სენაკი, ზუგდიდი და დმანისი.

ბაქრაძემ ყველაზე მეტი ხმა დმანისის ოლქში მიიღო – 41.53%, სადაც მარგველაშვილმა ხმების 47.29% მოიპოვა – ეს ყველაზე ნაკლები სხვაობაა ორ კანდიტატს შორის. შემდეგ მოდის ზუგდიდი, სადაც ბაქრაძემ ხმების 40.81% მიიღო, ხოლო მარგველაშვილმა  – 46.61%.

ყველაზე ნაკლები ხმა –  6.6% – ბაქრაძემ ამომრჩეველთა რაოდენობით ყველაზე მცირე ყაზბეგის ოლქში მიიღო.  

ყაზბეგი ის ოლქი იყო, სადაც ბურჯანაძემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო – 19.12%; შემდეგ მოდის ონი – 18.5%. სხვა ოლქები, სადაც მან უკეთესი შედეგები აჩვენა იყო თელავი (14.29%), წალკა (17.57%) და ცაგერი (16.72%), ასევე აჭარის ექვსი ოლქიდან ხუთი – ხელვაჩაური (17.27%), ქედა (16.81%), ხულო (16.78%), შუახევი (16.39%) და ბათუმი (14.96%); თიანეთში მან ხმების 15.52% მიიღო და 15%–მდე ნინოწმინდაში, ასპინძასა და ლენტეხში დააგროვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button