ახალი ამბები

სააკაშვილის და ჩახალიანის დაპირისპირება ახალქალაქში

„სად გარბიხართ ლაჩარო სეპარატისტებო?“ უყვიროდა პრეზიდენტი სააკაშვილი და უკან მიყვებოდა მამაკაცების მცირე ჯგუფს, რომლებიც ასევე შეურაცხმყოფელი შეძახილებით პასუხობდნენ მას.

ეს სცენა ახალქალაქში განვითარდა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი 25 ოქტომბერს სტუმრობდა.

იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ახალქალაქში სომხურ ეკლესიას სტუმრობდა, ადგილობრივი აქტივისტი ვაჰაგან ჩახალიანი თავისი მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად მას ეკლესიის გარეთ ელოდა.

ჩახალიანი, რომელიც ახალქალაქში არსებული იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო 2005 წელს რუსეთის სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გაყვანის წინააღმდეგ და რომელიც ჯავახეთის რეგიონის ავტონომიისკენ მოუწოდებდა, 2008 წლის ივლისში დააპატიმრეს. ჩახალიანს, რომელიც აცხადებს, რომ გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, თავდაპირველად იარაღის უკანონო შენახვის ბრალდება წაუყენეს; შემდეგ მას ხულიგნობასთან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან და დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით დამატებით ორი ბრალდება წარუდგინეს 2005 და 2006 წლებში მომხდარი ინციდენტების გამო, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა სასამართლოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის დარბევას. 

2013 წლის იანვარში იგი საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს. ჩახალიანის გათავისუფლება დაგმეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მას  „საქართველოს სახელმწიფოს მტერი“ და „ჯავახური სეპარატიზმის სულისჩამდგმელი“ უწოდეს.

ეკლესიაში სტუმრობის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად მიუახლოვდა ჩახალიანს, რომელიც სააკაშვილის იქ ყოფნას აპროტესტებდა.

„აბა მითხარი“, – მიმართა სააკაშვილმა ჩახალიანს ხელის ჩამორთმევისას.

ჩახალიანმა უთხრა სააკაშვილს, რომ მან მისი სიცოცხლის ოთხწელიწადნახევარი წაართვა და შემდეგ პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი სკოლების სასწავლო პროგრამებში სომხური ლიტერატურა არ შედის; მან ასევე წამოწია იმ ეკლესიების საკითხი, რომლებიც სადავო რჩება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის.

„თქვენი სახელით მოქმედებდნენ, თუ თქვენ მიეცით ბრძანება, არ ვიცი, კანონის ფარგლებში, სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, – განუცხადა ჩახალიანმა, თუმცა საუბრის არსებული ვიდეოჩანაწერიდან გაურკვეველია ის კონტექსტი, რასაც ჩახალიანი გულისხმობდა.

სააკაშვილმა გააწყვეტინა ჩახალიანს და გაბრაზებულმა უპასუხა: „შენ უნდა გამასამართლო?… შენ კრიმინალმა, ციხიდან გამოსულმა, შენისთანა კრიმინალმა უნდა გამასამართლოს?“

„მე აქ მოვედი, რომ ყველა მოქალაქეს მოვუსმინო, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ თქვენისთანა ადამიანებმა მე მიკითხონ მორალი. რა გავაკეთე ახალქალაქში მე გეტყვით ახლა. მე გავაკეთე ახალქალქაში ის, რომ თქვენისთანა სეპარატისტებს გამოვაცალე საფუძველი ან რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მისმა მთავრობამ ააშენა გზები, უზრუნველყო გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება და განავითარა ინფრასტრუქტურა რეგიონში.

„შენისთანა სეპარატისტები, რომლებიც აპირებენ საქართველოს დაქუცმაცებას და „გრუს“ გოშიები მე ვერ წამიკითხავენ მორალს; ციხეში იჯექი ექვსი მუხლით“, – მიმართა სააკაშვილმა ჩახალიანს.  

„შეურაცხყოფას ნუ მაყენებ“, – უთხრა ჩახალიანმა პრეზიდენტს, რომელიც კვლავაც უტევდა ჩახალიანს და ამბობდა: „არ ვაპირებ, რომ შენისთანა კრიმინალებმა მე მორალი მიკითხონ“.

„მიშა წადი, მიშა წადი…. გინდა თურქულად გეტყვი?“ – უთხრა ჩახალიანმა პრეზიდენტს და თავისი მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად თურქულად სალანძღავი სიტყვის სკანდირება დაიწყო.

თურქეთის თემასთან დაკავშირებით ჩახალიანი სავარაუდოდ გულისხმობდა სააკაშვილის ცოტახნის წინანდელ ვიზიტს თურქეთის ორ პროვინციაში, საქარიასა და სამსუნში სექტემბერსა და ოქტომბერში, სადაც იგი ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს შეხვდა და ზოგიერთ მათგანს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

როცა ჩახალიანი გაეცალა სააკაშვილს, ის და მისი მომხრეები თან სკანდირებდნენ: „მიშა წადი თურქეთში; მიშა წადი თურქეთში“.

სააკაშვილი გაყვა მათ, თან ყვიროდა: „მოდით აქ, სად გარბიხართ თქვე ლაჩრებო? აბა მოდით აქ; გარბიხართ, ლაჩარო სეპარატისტებო?“   

„ხუთი სეპარატისტი დარჩა, აი, ეს არის რაც გავაკეთეთ; იყვნენ ბევრად მეტი; გაიქეცით, სეპარატისტებო, ლაჩრებო; თქვენი პატრონი „გრუს“ ბაზა აღარ არის აქ და იმიტომ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას სააკაშვილი რამდენიმე სოფლის ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას შეხვდა და უთხრა მათ რუსულად: „მე ძალიან მიყვარს ახალქალაქის მაცხოვრებლები“.

მოგვიანებით, იმავე დღეს მან საპრეზიდენტო სასახლიდან პირდაპირ ეთერში სატელევიზიო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებოდა, როდესაც თითქმის 10 წლის წინ ის ხელისუფლებაში მოვიდა; მან ასევე განაცხადა, რომ იგი ამაყობს იმით, რომ შესაძლებელი გახდა ქართულენოვანი პროგრამების გაფართოება რეგიონის მოსახლეობისთვის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება რეგიონის დანარჩენ საქართველოში ინტეგრირების მიზნით. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქართული ოცნება ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლების გამო და განაცხადა, რომ ახლა ჩახალიანი ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედებს.   

„მე ვიცი, რომ საქართველოს მთავრობაში არის ხალხი, ვისაც აქვს საეჭვო კავშირები, მათ შორის ჩვენი დამპყრობლის ინტერესებთან“, – განაცხადა მან, „მაგრამ საბოლოო ჯამში, მე არ მჯერა, რომ დღევანდელ მთავრობას უნდა, რომ საქართველოს ინტერესები შეირყეს“.

„მინდა, რომ დღევანდელი ინციდენტი იყოს უკანასკნელი“, – განაცხადა მან, „ნუ გავაფუჭებთ იმას, რაც წინა წლებში აშენდა, ვიღაცის ჯინაზე“.

„პრეზიდენტები გამოიცვლებიან – და მე რამდენიმე დღეში თუ რამდენიმე კვირაში აღარ ვიქნები პრეზიდენტი; მთავრობებიც გამოიცვლება, მათ შორის ეს მთავრობაც გამოიცვლება, მაგრამ ისეთ რამეს ნუ გავაკეთებთ, რაც შეუქცევადად დააზარალებს საქართველოს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button