skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი გეგმავს მეორე ტურის შემთხვევაში საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშოს


ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ბილბორდი ვარკეთილის დასახლებაში, 16 ოქტომბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, ის საარჩევნო მარათონს გამოთიშება.

ეს კომენტარი მან ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმაგანაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ კოალიციის კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს და თუ ეს ასე არ მოხდა, ის ურჩევს მარგველაშვილს, რომ მეორე ტურში გამოეთიშოს არჩევნებს.

„მეორე ტური არ იქნება იმიტომ, რომ ეს არსებული სტატისტიკით შეუძლებელია“, – განაცხადა მარგველაშვილმა 17 ოქტომბერს, „მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი არ გამოვიდა უბანზე და მოხდა ისე, რომ იქნება მეორე ტური, მე აღარ ვხედავ აზრს იმაში, ასეთ შემთხვევაში, რომ ძალიან აქტიურად  დავრჩე პოლიტიკაში ჩართული; მაშინ იმ მიზნების განხორციელება, რომელზეც საუბრობს ბიძინა, რომელზეც ვსაუბრობ მე, რომელიც კიდევ ერთხელ ერთიანად იკვეთებოდა და ერთიანად ისახებოდა, აღარ არის საჭირო“.

„შესაბამისად, პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ მეორე ტური არ არის შესაძლებელი, მაგრამ საოცრების შემთხვევაში, მე საოცრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ“, – დასძინა მარგველაშვილმა.   

„ასეთი პრაქტიკა მე, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ იმ შესაძლო სცენარის განხილვის დროს, როცა მეორე ტურში გასული ერთ-ერთი კანდიდატი ხსნის თავის კანდიდატურას, „თუ ერთი მაინც დარჩა მეორე ტურში, კანონმდებლობა იძლევა საშულებას, რომ გაიმართოს მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებას არანაირი დადგენილი ზღვარი და პროცენტულობა არ სჭირდება, მიიღებს ხმებს [დარჩენილი კანდიდატი] და გაიმარჯვებს“.

მეორე ტურზე ქართული ოცნების პოზიციას, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ არასერიოზული უწოდა.

„რაც არ უნდა ურთიერთობა ჰქონდეთ [ივანიშვილს და მარგველაშვილს], ასე შეიძლება დააყენებინო კანდიდატურა და მერე მოახსნევინო? ახლა სათამაშო ხომ არ არის ამხელა კაცი, მარგველაშვილი. მე მგონია რომ ეს უბრალოდ არ არის სერიოზული ნათქვამი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძე იმედი გამოთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი მეორე ტურის შემთხვევაში გააგრძელებს ბრძოლას. „ახლა გაბუტვის და პირობების დაყენების დრო ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ერთ-ერთი უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა, მარგველაშვილი საგრძნობლად უსწრებდა რეიტინგებში ბაქრაძეს და ბურჯანაძეს; თუმცა 26%-ს საერთო ჯამში ან არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვის დაუჭერდა მხარს, ან უარს აცხადებდა პასუხზე ან აცხადებდა, რომ საერთო არცერთ კანდიდატს არ ემხრობოდა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს პირველი ტურის საბოლოო შედეგებზე და მეორე ტურის შესაძლებლობაზეც. ამავე კვლევის თანახმად, მეორე ტურის შემთხვევაში, მარგველაშვილი დამაჯერებლად უგებდა ბურჯანაძესაც და ბაქრაძესაც.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების შიდა კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მარგველაშვილისთვის დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა რეალისტურია; თუმცა ის ასევე ამბობს, რომ ამისთვის მხარდამჭერთა მაღალი აქტივობაა საჭირო.

თუმცა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ცდება, როცა მეორე ტურის ალბათობას თითქმის გამორიცხავს. მისი თქმით, რეალობა სულ სხვაა, რადგან  მარგველაშვილს არ აქვს 60%-იანი მხარდაჭერა და ეს კოალიციასაც და მისი ლიდერის განცხადებებსაც ეტყობა. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა იცის, რომ მეორე ტური იქნება და ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩევლები ხმა მისცენ მის კანდიდატს. 

„ნამდვილად იქნება მეორე ტური. ეს შემიძლია გითხრათ 100%-ის გარანტირებით. ამ მეორე ტურში ვიქნებით მე და მარგველაშვილი. მეორე ტურში მოვიგებ მე“, – განაცხადა ბურჯანაძემ  და დასძინა, რომ ამის ერთადერთი დაბრკოლება შესაძლოა იყოს გაყალბება, რაზეც მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, ხოლო თუ ეს ასე მოხდება, მისი შტაბი დაიცავს ხმებს.

ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ ის მარგველაშვილის 60%-იან მხარდაჭერას მოელის, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ვერ აანალიზებს, რომ მისი ეს პოზიცია სახელისუფლებლო ვერტიკალმა შესაძლოა გაიგოს როგორც პირდაპირი დავალება ამ პროცენტული მაჩვენებლის მოსაგროვებლად.

დავით ბაქრაძემ ასევე გააკრიტიკა ივანიშვილის ეს განცხადება, როგორც არჩევნების შედეგების თაობაზე გაცემული პირდაპირი ბრძანება, რომელიც, მისი თქმით, ზრდის გაყალბების და ზეწოლის შანსებს. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის პოზიციაზე განაცხადა: „როდესაც ცხვრის ფარა შემობრუნდება კოჭლი ცხვარი აღმოჩნდება სათავეში  – ეს არის ძველი ხალხური სიბრძნე… ეს არის ის, რასაც დღეს ვუყურებთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button