skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისია კონსტიტუციის გადასინჯვის წესთან დაკავშირებით თავის რეკომენდაციას იმეორებს

ვენეციის კომისიამ გაიმეორა საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაცია, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა კონსტიტუციის გადასინჯვის იმ წესის შემოღება, რომელიც ხმათა ორი მესამედით გულისხმობს კონსტიტუციის შეცვლას სამი თვის ინტერვალით ჩატარებული კენჭისყრების შედეგად.

დეპუტატმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, მიანიშნა, რომ ეს შემოთავაზება მისაღებია. 

კონსტიტუციის გადასინჯვის წესი 2010 წლის ოქტომბრიდან ორჯერ შეიცვალა, თუმცა ეს წესები ჯერ პრაქტიკაში არ დანერგილა, ვინაიდან ის ძალაში ახალი საკონსტიტუციო დებულებების ფარგლებში მას შემდეგ შევა ძალაში, რაც 27 ოქტომბერს არჩეული ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს. ამჟამად მოქმედი წესი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილების სამი მოსმენით, ხმათა ორი მესამედით მიღებას.

როდესაც 2010 წლის ოქტომბერში ახალი საკონსტიტუციო დებულებები იქნა მიღებული, განისაზღვრა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ცვლილება მიღებულად ჩაითვლებოდა, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერდა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მაშინ ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სისტემა „კონსტიტუციური სტაბილურობის შეზღუდულ დაცვას უზრუნველყოფდა“, ეს წესი იყო „წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სავარაუდოდ საუკეთესო შესაძლო ვარიანტს“ წარმოადგენდა იმ ეტაპზე.

თუმცა, 2011 წლის ბოლოს წინა მოწვევის პარლამენტმა ისევ შეცვალა ეს დებულება და საკონსტიტუციო უმრავლესობის ზღვარი 3/4-მდე გაზარდა ისე, რომ ძალაში დატოვა ორი კენჭისყრის ჩატარების წესიც „სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით“.

2013 წლის ივნისში ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ახალ კონსტიტუციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, ამ წესის გადასინჯვას და ხმათა ორი მესამედის (100 ხმა) შენარჩუნებას ითვალისწინებს კენჭისყრისთვის რაიმე ინტერვალების დაწესების გარეშე. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ  3/4 (113 ხმა) ძალიან მაღალი კვორუმია. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც წინა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, კვორუმის 2/3-ზე შენარჩუნების კატეგორიული წინააღმდეგია.

ამ საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში, რომელიც ვენეციის კომისიამ გასულ კვირას მიიღო და 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა, კომისია ფაქტიურად იმეორებს თავის იმ მოსაზრებას, რომელიც ამ საკითხზე 2010 წელს ჰქონდა.

ვენეციის კომისიის განცხადებით, რაიმე „ჯადოსნური ფორმულა“ არ არსებობს და მთავარი გამოწვევა არის სიმტკიცის და მოქნილობის მოთხოვნების დაბალანსება; ვენეციის კომისიის განცხადებით, ბალანსის საკითხი შესაძლოა განსხვავებული იყოს და ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ კონტექსტზე და საკონსტიტუციო კულტურაზე.

კომისიის მოსაზრებით ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხების, მათ შორის ისეთის, რომლის შეცვლაც უკვე მოხდა 2010 და 2011 წლებში და თან ისე, რომ ისინი ძალაშიც კი არ იყო შესული, პროცესის სიხისტეზე მიანიშნებს, რაც შესაძლოა არ იყოს ხელისშემწყობი ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარებისთვის.

გაიმეორა რა თავისი წინა რეკომენდაცია ამ საკითხზე, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ 2/3–ით ერთი კენჭისყრის სისტემა „არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს“ და ფიქრობს, რომ ორი კენჭისყრის პროცედურის შემოღება სამი თვის ინტერვალით საუკეთესო ვარიანტია ამ ეტაპზე.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დარჩეს 2/3-ით ცვლილების შეტანა და დადგინდეს იქ სამთვიანი შუალედი პირველ და მეორე მოსმენას შორის“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ 16 ოქტომბერს. 

პარლამენტმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობა შეწყვიტა. სხდომები 30 ოქტომბერს განახლდება. თუ პარლამენტი ვერ შეძლებს კვორუმთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, მაშინ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ხმათა 3/4 დასჭირდება  სამი თვის ინტერვალით კენჭისყრის ორი პროცედურით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button