საქართველო ჰელმანდში სამხედროების როტაციას ახორციელებს
42–ე ქვეითი ბატალიონის 50 ჯარისკაცი 10 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ექვსთვიანი მისია შეასრულა ჰელმანდის პროვინციაში; ბატალიონის როტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. 42–ე ქვეითმა ბატალიონმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. მისი ათი ჯარისკაცი ორი თავდასხმის დროს დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ფოტო.
საქართველო ოქტომბერში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ორი ქვეითი ბატალიონის როტაციას დაასრულებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
მესამე ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის და ბათუმის ქვეითი ბატალიონის სამხედროები ექვსთვიანი მისიის შესასრულებლად მესამე და მეოთხე ბრიგადების 33–ე და 42–ე ბატალიონებს ჩაანაცვლებენ.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა ექვსთვიანი მისიის განმავლობაში. მისი შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა მას შემდეგ, რაც 6 ივნისს თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანა ააფეთქა. სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ანალოგიური ინციდენტის დროს 2013 წლის 13 მაისს მას შემდეგ, რაც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანეს.
ეს ბათუმის ქვეითი ბატალიონის პირველი განთავსებაა ავღანეთში და მესამე 31–ე ბატალიონისთვის. ეს უკანასკნელი პირველი ქართული სამხედრო შენაერთი იყო, რომელიც 2010 წლის აპრილში ჰელმანდში განთავსდა, რათა იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ემსახურა.
საქართველო მეხუთე უმსხვილესი კონტრიბუტორია ISAF–ის მისიაში 1 561 ჯარისკაცით, აშშ–ის (60 000), გაერთიანებული სამეფოს (7 700), გერმანიის (4 400) და იტალიის (2 825) შემდეგ; საქართველო ნატოს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც კოალიციის ძალებში წვლილი შეაქვს.
ორი ქართული ბატალიონი ჰელმანდშია განთავსებული და დაახლოებით 50–მდე ჯარისკაცი ქაბულში მსახურობს ამერიკულ ბაზა ფენიქსზე. საქართველომ ავღანეთში 29 ჯარისკაცი დაკარგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)