ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, გაეროში მის გამოსვლაზე პოზიტიური გამოხმაურება პოსტ–საბჭოთა სივრცეში ‘რაღაცის მომწიფების’ მანიშნებელია

აშშ-დან დაბრუნებულ პრეზიდენტ სააკაშვილს კვირას საღამოს თბილისის აეროპორტში მისი მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებიც მიესალმებოდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მისი გამოსვლის პათოსს.

სააკაშვილმა მხარდამჭერების გარემოცვაში, რომლებიც სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“ და „გაუმარჯოს საქართველოს პრეზიდენტს“, უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის „ცოტა დაბნეულია“ ამგვარი დახვედრით, რადგანაც რაც პრეზიდენტია, მისთვის აეროპორტში ასეთი დახვედრა არასდროს მოუწყვიათ.

„გაეროში გამოსვლას – ჩემდა მოულოდნელადაც – მთელ პოსტ–საბჭოთა სივრცეში ჰქონდა დიდი გამოხმაურება; ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მომწიფდა სერიოზულად ამ სივრცეში, ყველას ყელში აქვს ამოსული პუტინის ქმედებები – უკრაინაში, მოლდოვაში, ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაში და მთლიანობაში რუსეთში“, – განაცხადა მან.

„იმდენი გამოხმაურება მოვიდა, მადლობას ეუბნებიან საქართველოს, და მე საქართველოს წარმოვადგენდი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მაგრამ ახლა ჩვენ გასახარებელი და თავმოსაწონი ბევრი არაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ბოლო თვეებში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო–სამეურნეო მიწაზე, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ახლა არ არის ქიშპის დრო“, – განაცხადა მან, „მე მზად ვარ დავჯდე საქართველოს მთავრობასთან და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ იმაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია“.

„ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ახლა მოქმედების დროა. უნდა მწყობრად ვიყოთ, უნდა კოორდინირებულები ვიყოთ. მთავარი გაკვეთილია ის, რომ ძალა ერთობაშია. რა თქმა უნდა, შესაშფოთებელი ძალიან ბევრია, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, თუ გადავდებთ გვერდზე შუღლს, ბოღმას, ზიზღს და ცუდ მოვლენებს, ჩვენ შევძლებთ ჩვენი პოზიციების დაცვას ისევე, როგორც არა ერთხელ შევძელით წინა წლებში, როცა მსოფლიო გვერდზე გვედგა და როცა მსოფლიომ ზუსტად იცოდა, თუ რას ვაკეთებდით და საით მიგვყავდა ჩვენი ქვეყანა“.

იმავდროულად, კვირას რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც პრეზიდენტ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის ფიტულები დაწვეს. მართალია აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მათი პროტესტი ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ არ იყო მიმართული, მაგრამ მონაწილეები ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაჩქარებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button