ახალი ამბები

პოლიტიკოსების რეაქციები ივანიშვილის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თანამდებობის მოსალოდნელი დატოვების შესახებ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლისა და მთავრობაზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების მიზნით, მისი გუნდის, კოალიცია ქართული ოცნების წევრები პოზიტიურად შეხვდნენ მაშინ, როცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ამ გადაწყვეტილების უკან გარკვეული რისკები დაინახა.

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, თანამდებობიდან შესაძლო წასვლით ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის. პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება ქვეყნისთვის „სერიოზული რიკების“ შემცველია სამი ფაქტორის გამო, კერძოდ „სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის ისედაც „ღრმა კრიზისის მდგომარეობაში“ მყოფ ეკონომიკას, ვინაიდან ბიზნესში აძლიერებს არასტაბილურობის განცდას;  მეორე ფაქტორი, ბაქრაძის განცხადებით, არის ის, რომ საარჩევნო დაპირებები, რომელთა „დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია“, უკავშირდება უშუალოდ ივანიშვილის სახელს და მისი წასვლით „მოსახლეობა ვერ მიიღებს იმას, რის გამოც ხმა მისცა“ შარშან ქართულ ოცნებას; და მესამე ფაქტორია ის, რომ ივანიშვილის წასვლა, მისი თქმით, გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების დეფიციტს,  რაც „ურყოფითად აისახება ქვეყანაზე და გააძლიერებს ქაოსის განცდას“.

„მე ვხედავ ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეებს და რისკებს“, – განაცხადა ბაქრაძემ 2 სექტემბერს,  „მე მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადება და მთლიანობაში წასვლის განზრახვა სიკეთეს ვერ მოუტანს მთლიანობაში ქართულ სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“.

პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან „პოლიტიკური წინდაუხედაობა“ იქნება, თუ ის პოლიტიკიდან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარეშე წავა.

„თუ ის მიდის პოლიტიკიდან, ეს ავტომატურად ნიშნავს კოალიციის დაშლისთვის ხელის შეწყობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება შეგვრჩეს პარლამენტი მისი პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, სადაც ყველაზე მსხვილი და ძლიერი ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ისევ ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა თარგამაძემ.

კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელმა განაცადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მმართველი კოალიცია არ დაიშლება სულ ცოტა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.  

„კოალიცია ქართული ოცნება დავპირდით ხალხს, რომ კოალიციურ რეჟიმში ვიქნებოდით ოთხი წლის განმავლობაში და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ ვიქნებით კოალიციურ რეჟიმში“, – განაცხადა დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა, რომელიც კოალიციაში ბიძინა ივანიშვილის პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს.

კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს ბიძინა ივანიშვილის თანმდებობიდან წასვლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაეზრდებათ.

„ბიძინა ივანიშვილი ათავისუფლებს პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან ძალიან დიდ წილს და ეს წილი უნდა გადანაწილდეს სრულიად კოალიციის სუბიექტებზე, ამიტომ პასუხისმგებლობა ეზრდება კოალიციის სუბიექტებს“, – განაცხადა მან.   

„ქართული ოცნება იქნება გარანტი ყველა იმ დანაპირების შესრულებისა, რაც მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რაც მისცა ქართულმა ოცნებამ, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ საზოგადოებაში გადანაცვლებით, ბატონი ბიძინა გააქტიურებით უკვე როგორც საზოგადოების წევრი  და სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანას თუ რამ ჭირდება ახლა, ეს არის აქტიური კონტროლი“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძემ.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ  პოლიტიკიდან წასვლით ბიძინა ივანიშვილი ასრულებს მის მიერ გაცემულ დაპირებას, რომ „ერთ კაცზე არ იქნებოდა ჩამოკიდებული ხელისუფლება“, ხოლო კოალიცია გაცემულ დაპირებებს „ბოლომდე მიიტანს და ჩვენ ამ დაპირებებს შევასრულებთ“. 

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებდა არა „ერთპიროვნულად“, არამედ კოალიციურ ფორმატში და ქართული ოცნებაა პოლიტიკურად პასუხისმგებელი „ქვეყნის სტაბილურობაზე, მართვაზე და განვითარებაზე“.

„მიუხედავად მისი [ბიძინა ივანიშვილის] უდიდესი როლისა, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, სახელისუფლო საქმიანობა კვლავ შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის განცხადებაში „არაფერი ტრაგედია არაა“.

„პირიქით, ყველა ჩვენ ვნახავთ სულ მალე, რომ მისი ახალი ამპლუა უფრო ეფექტური იქნება და უფრო მნიშვნელოვნად მოემსახურება ქართული საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე შეზღუდული პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან“, – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button