ახალი ამბები

ივანიშვილის ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფმა ტელეკომპანია მეცხრე არხმა მაუწყებლობა 19 აგვისტოს საღამოს, რამდენიმე საათში შეწყვიტა მას შემდეგ, რაც პრემიერმა გამოაცხადა გეგმები ტელეკომპანიის დახურვის შესახებ, რათა დისტანცირება მოახდინოს ამ მედიასაშუალებისგან მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ივანიშვილმა ორშაბათს თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვის უშედეგო მცდელობების შემდეგ, მან არხის 1 სექტემბრისთვის დახურვა გადაწყვიტა; თუმცა ტელევიზიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ სექტემბრამდე აღარ გაეგრძელებინათ მუშაობა და მაუწყებლობა 19 აგვისტოსვე შეწყვიტეს.

თავის განცხადებაში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 1 სექტემბრამდე შესაძლებელი იყო ტელეკომპანიის გაყიდვა მისი საბაზრო ღირებულების მესამედ ფასში.

20 აგვისტოს მეცხრე არხის დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე პოტენციურმა მყიდველმა გამოთქვა ტელეკომპანიის შეძენის სურვილი ივანიშვილის განცხადების შემდეგ. „არაერთი მსურველი გამოჩნდა… მსურველებს აინტერესებთ ფასი“, – განაცხადა ელიაშვილმა, ქართული ოცნების დეპუტატის შალვა შავგულიძის მეუღლემ.

იმავდროულად, Facebook-ის მეშვეობით ივანიშვილის განცხადების შემდეგ ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს სააქციო საზოგადოების შექმნას და ინვესტიციების გაღებას მეცხრე არხის შესაძენად. ჯგუფმა სახელწოდებით "ვყიდულობთ მე-9 არხს და ვქმნით სააქციო საზოგადოებას" ასევე წამოიწყო ინტერნეტ-რეგისტრაცია ტელეკომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისა და შესყიდვისთვის.

ივანიშვილის სახელზე შედგენილ წერილში ჯგუფი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის რომელიმე ბიზნეს კომპანიისთვის ან კერძო პირისთვის მიყიდვა ვერ დაიცავს მას შესაძლო პოლიტიკური ჩარევისგან და საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ იგი გადავა სააქციო საზოგადოების მფლობელობაში. „არხი გახდება ფორმით და შინაარსით საზოგადოებრივი და დაზღვეული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან“, – ნათქვამია წერილში, რომელშიც ჯგუფი ივანიშვილის არხის მიყიდვას და ამისთვის შესაბამისი მოთხოვნებისა და პირობების წარმოდგენას თხოვს. ჯგუფს ჰყავს 3 500-ზე მეტი წევრი და 280 რეგისტრირებული პოტენციური აქციონერი, რომელთა რაოდენობაც მზარდია.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული წინასაარჩევნო გარემოს კომენტირებისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ „მედია გარემოს პრობლემა არსებობს“ და ამის ერთ-ერთ არგუმენტად მეცხრე არხის დახურვა მოიყვანა. მისი თქმით, მართალია „არ გამოეტირება“ მეცხრე არხს, მაგრამ დამატებით ერთი არხის დახურვა საქართველოში „არის ცუდი“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილმა ტელეკომპანია შექმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ციხის სკანდალური კადრები გაეშვა. „ამ არხის ერთადერთი ფუნქცია იყო, როცა მოვიდოდა მომენტი, გაეშვა ბედუკაძის მიერ გადაღებული ან დადგმული კადრები… ამიტომ არ უნდა ეწყინოთ მეცხრე არხის თანამშრომლებს, ისინი გამოიყენეს იმისთვის რისთვისაც გამოიყენეს და მერე ჩვეულებრივად ჩაწიეს გვერდზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button