Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსი დეპუტატის საქართველოში შემოშვებისთვის შსს–ს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა „მკაცრად დაგმო“ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სასაზღვრო პოლიცია იმ რუსი დეპუტატის საქართველოში შემოშვებისთვის, რომელსაც პრეზიდენტმა საქართველოს „მტერი“ უწოდა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი კომუნისტური პარტიიდან საქართველოში მოსკოვის დინამოს გულშემატკივრებთან ერთად ჩამოვიდა. მოსკოვის გუნდმა 7 ივლისს ამხანაგური მატჩი გამართა თბილისის დინამოსთან რუსეთის საფეხბურთო კლუბის 90–ე წლისთავის აღსანიშნავად. 

მატჩის შემდეგ, რომელიც ანგარიშით 1:1 დამთავრდა, აქტივისტების მცირე ჯგუფმა „თავისუფალი ზონიდან“ „დინამო არენას“ წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, რათა მატჩზე რუსი დეპუტატის დასწრება გაეპროტესტებინა. აქცია მცირე დაპირისპირებაში გადაიზარდა სამართალდამცავებთან მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოსთხოვა მათ უკან დაეხიათ იმ ჭიშკრიდან,  საიდანაც რუსეთის დელეგაციას სტადიონი უნდა დაეტოვებინა. მომიტინგეების თქმით, პოლიციამ მათ ბანერი დაუხია წარწერით „ოკუპანტო დეპუტატებო, მოშორდით საქართველოდან“.  სამი აქტივისტი „წვრილმანი ხულიგნობისთვის“ და პოლიციის ბრძანებების „დაუმორჩილებლობისთვის“ დააკავეს; აქტივისტები, რომელთაც უარყვეს რაიმე კანონდარღვევა, 8 ივლისს გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე სავარაუდოდ 9 ივლისს მიიღებს. 

8 ივლისს თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო სამი აქტივისტის დაკავება და განაცხადა, რომ პოლიციამ „გადამეტებული ძალა“ გამოიყენა.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი მიესალმება ერთობლივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს რუსეთთან, ასევე რუსი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში, თუმცა დასძინა, რომ დაუშვებელია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა, რომელსაც მან რუსეთის უშიშროების სამსახურთან მჭიდრო კავშირის მქონე  „დაუძინებელი მტერი“ უწოდა. 

„ერთია, როდესაც ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და ამას უნდა მივესალმოთ და მეორეა, როდესაც უშვებ საქართველოს მტერს და მინდა ვთქვა, რომ ყველა დუმის წევრი, რომელთაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას, ყველა მათგანი წარმოადგენს საქართველოსადმი მტრულ ფაქტორს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა, თუ ჩვენ გვაქვს ქვეყნის სიყვარული“.

„პირველ რიგში, მე მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე დაუსჯელად ჩამოსვლა საქართველოში… რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს განპირობებული“, – დასძინა მან.

დეპუტატი გავრილოვი, რომელიც ქონების საკითხებზე სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარეა, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკის „ვითიბის“ აქციონერთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია. 

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ და „ვითიბი“, რომელიც საფეხბურთო კლუბის „დინამო მოსკოვის“ მფლობელია, მოლაპარაკებებს აწარმოებენ სპონსორობის შესახებ პოტენციურ ხელშეკრულებაზე.

ამხანაგურ მატჩს თბილისში ასევე ესწრებოდა კრიშტიანუ რონალდო, პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. მანამდე რონალდომ დინამოს საფეხბურთო აკადემიის გახნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button