ანქვაბი მოსკოვს სტუმრობს
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ორშაბათს მოსკოვში სამუშაო ვიზიტი დაიწყო, იტყობინება „აფსნიპრესი“.
კრემლის ინფორმაციით, 12 მარტს ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
იმავდროულად, აფხაზეთში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია მოაწყო იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგების წინააღმდეგ, რაზეც გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონის მთავრობამ მიიღო. სოხუმში 28 თებერვალს გამართულ აქციაზე ოპოზიციამ მთავრობის გადადგომისკენ მოუწოდა. გასული კვირის ბოლოს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ურჩია მთავრობას, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 15–20%–ზე მეტით არ გაეზარდა წელიწადში. ანქვაბი დათანხმდა ამ შემოთავაზებას და სეპარატისტული რეგიონის მთავრობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ელექტროენერგიის ტარიფმა ფიზიკური პირებისთვის ერთ კილოვატზე 40 კაპიკი შეადგინა, 60 კაპიკის ნაცვლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)