ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის თქმით, მისი „კონსტრუქციული“ შეთავაზება დაძაბულობის შემცირებას დაეხმარება

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ქართულ ოცნებას, მიმდინარეობს მოლაპარაკებების ფარგლებში, შესთავაზა იმ ახალი საკონსტიტუციო დებულებების „დიდი ნაწილის“ ვადამდელი ამოქმედება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის უფლებების გაძლიერების ხარჯზე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან მოლაპარაკებებშია ჩართული, განაცხადა, რომ მათი „უკიდურესად კონსტრუქციული შეთავაზება“  დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს და „გახსნის გზას ასევე სხვა საკითხების დასარეგულირებლად“, მათ შორის წინა მთავრობის წარმომადგენლების „დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად“.

„ვფიქრობ ეს დაარეგულირებს არსებულ პრობლემებს, ურთიერთობას მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს შორის ისევე როგორც, ჩვენი ხედვით და რწმენით, ეს უნდა დაგვეხმაროს ქვეყანაში მეტი სტაბილურობის, მეტი მშვიდობის მიღწევაში, მიმდინარე დაკითხვების და ზეწოლის ტალღის შეჩერებაში და მთლიანობაში ქვეყანაში სტაბილურობის და სამოქალაქო მშვიდობის ახალი ხარისხის მიღწევაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 15 თებერვალს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ამ წინადადებას ქართული ოცნების მხრიდან „გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოყვა“.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება უკვე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, თუ რა შევა ძალაში დღესვე და რა დარჩება საკუთარ ვადაში“,  – აღნიშნა მან.

ახალი საკონსტიტუციო დებულებები 2013 წლის ოქტომბერში ასარჩევი ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა შევიდეს ძალაში. ამავე დროს უნდა ამოქმედდეს ის დებულებაც, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად საჭირო კვორუმის ორი მესამედიდან (100 ხმიდან) სამ მეოთხედამდე (113 ხმამდე) აწევას ითვალისწინებს.

სწორედ ამ საკითხის ვადაზე ადრე ამოქმედება და საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხები დააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დეკემბერში შეიმუშავა და ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის იმ უფლების ჩამორთმევას, რომ მან მთავრობის დათხოვნა და ახალი კაბინეტის ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშვნა ვეღარ შეძლოს.

ნაციონალური მოძრაობის შეთავაზების შინაარსზე პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

14 თებერვალს ანკარაში ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს „კარგი ინიციატივა“, რომ ახალი საკონსტიტუციო დებულებები ამოქმედდეს "უახლოეს დროში" და არა 2013 წლის ბოლოს მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული.

„ეს უფრო საინტერესოა, ეს ინიციატივა პრეზიდენტმა აიღო, მოლაპარაკებები გრძელდება და თუ მე საჭირო გავხდები, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები [მოლაპარაკებებში]“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button