ახალი ამბები

კახეთში სტიქიით დაზარალებულებზე 100 მლნ ლარის კომპენსაცია გაიცემა

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 95 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც ფულადი კომპენსაციების სახით კახეთის რეგიონის ხუთი რაიონის მოსახლეობას გადაუნაწილდება იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ 2012 წლის ივლისში სტიქიის შედეგად მიადგათ.

გარდა ამისა, ივანიშვილის ფონდმა ასევე გამოყო 5 მილიონი ლარი სტიქიის დროს დაზიანებული სახლების სახურავების აღსადგენად.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაციებს 28 500 დაზარალებული ოჯახი მიიღებს. თითოეული ოჯახისათვის გასაცემი თანხის ოდენობა ინდივიდუალურია და ზარალის ოდენობას შეესაბამება.

შარშან ივლისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისკენ მიმართული ძალისხმევა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიების კამპანიის ერთ–ერთი მთავარი თემა გახდა

ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც იმ დროს ოპოზიციაში იყო, პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სრულად აანაზღაურებდა მოსავლის დაკარგვით გამოწვეულ ზარალს. მაშინ, წინა მთავრობამ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 50 მილიონი ლარი გამოყო.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა ოქტომბერში განაცხადა, რომ იგი თავის საკუთარ ფულს გამოიყენებდა დაპირებული კომპენსაციების გასაცემად, თუ ამისთვის სახელმწიფო სახსრები საკმარისი არ იქნებოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა 21 იანვარს, რომ კომპენსაციების გაცემა, რომლის მინიმალური ოდენობა 100 ლარიდან იწყება და რამდენიმე ათასით მთავრდება ზარალის ოდენობის შესაბამისად, მიმდინარე კვირას დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება; კომპენსაციების გაცემის პროცესი მაქსიმუმ 6 კვირას გაგრძელდება, აცხადებს სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button