skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: პრეზიდენტობის კანდიდატი კოალიცია ქართულ ოცნებაში უნდა შეთანხმდეს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობას არ აპირებს და ამ პოსტზე დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს შესაფერისად, თუმცა კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს შორის შეთანხმების გზით უნდა იქნას მიღებული 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგრძნობლად შეამცირებს პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში. ამდენად, საპარლამენტო მოდელის პირობებში, პრეზიდენტს არბიტრის როლი დაეკისრება.

როცა 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ „ნაადრევია“.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ვახტანგ ხმალაძეს, თუმცა ეს ძალიან ნაადრევია… ჩემი დამოკიდებულება ამ პიროვნებისადმი ასეთია და ასე მგონია, რომ იდეალურია და ძალიან შეესატყვისება  იმ პრინციპებს, რაც ევალება საპარლამენტო რესპუბლიკის მქონე პრეზიდენტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელიც ივანიშვილმა ადრეც დაასახელა პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატად, დიდი ხნის დეპუტატია და ამჟამად ის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„მე ვიტოვებ შანსს იმისას, რომ სხვა კანდიდატიც წამოვაყენო“, – აღნიშნა ივანიშვილმა, „რამდენადაც არსებობს კოალიცია, მე ანგარიშს გავუწევ ყველას“. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას თავად პრეზიდენტობა არ სურს.

„მე იქ ვიქნები, სადაც დასჭირდება ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა მან, „მაგრამ მე არა ვარ პოლიტიკოსი, რომელიც კარიერების ცვლილებებს და მუდმივად პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, შესაბამისად არა მაქვს ეს [პრეზიდენტობის] სურვილი“, – განაცხადა მან.

Back to top button