ახალი ამბები

ხუთი ამერიკელი სენატორის გზავნილი ივანიშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ხუთმა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ისინი „უაღრესად შეშფოთებულები“ არიან იმით, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა შესაძლოა „პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ისახავდეს“, იტყობინება ჟურნალ Foreign Policy-ის ბლოგი, The Cable, 11 დეკემბერს.

წერილს, რომელიც 7 დეკემბრით არის დათარიღებული, ხელს აწერენ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი; უპარტიო სენატორი ჯო ლიბერმანი; ასევე რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯეიმს რიში და ლინდსი გრემი.
 
სენატორები მაკკეინი, ლიბერმანი და გრემი საქართველოს სექტემბერში სტუმრობდნენ, ხოლო სენატორები შაჰინი და რიში საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დამკვირვებლების რანგში იმყოფებოდნენ.

“ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური პირების დაკავებების, გამოძიებების, დაპატიმრებებისა და შესაძლო დევნის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო“, – წერენ სენატორები თავიანთ წერილში, „დღეს ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მზარდი შეშფოთება იმ შესაძლებლობის გამო, რომ ეს ქმედებები პოლიტიკურად არის მოტივირებული და ბოლო არჩევნების კვალდაკვალ პოლიტიკურ ანგარიშწორებას ისახავს მიზნად“.
 
სენატორები მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ „თავიდან აიცილოს იმის აღქმაც კი, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება“.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რეალური ან თუნდაც აღქმაც კი, რომ ოპოზიციონერი პირების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშწორება ხდება, ქართული საზოგადოების პოლარიზებას მოახდენს და მისი დემოკრატიული პროგრესის შეფერხების რისკს შექმნის. უაღრესად ზიანის მომტანი იქნება, თუ პოლიტიკური მოღვაწეები საქართველოში ჩათვლიან, რომ ისინი, ვინც წააგებენ არჩევნებს ან მშვიდობიანად დათმობენ ხელისუფლებას, მალე შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ“, – ნათქვამია წერილში.

“ჩვენ მივესალმებით თქვენ სიტყვებს, რომ გამორიცხავთ შერჩევით სამართალს, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ჯერ განვითარებული მოვლენებით ღრმად შეშფოთებულები ვართ“, – აცხადებენ სენატორები.

შემდეგ წერილში ნახსენებია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ The Cable-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები „კრიმინალები და დამნაშავეები“ არიან. სენატორებმა განაცხადეს, რომ ამგვარი კომენტარები „განსაკუთრებით შემაშფოთებელია“. სენატორები წერენ: „დანაშაული და უდანაშაულობა მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს, სხვაგვარად ძირი ეთხრება კანონის უზენაესობას”.

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები უდავოდ მწვავე დაპირისპირებით გამოირჩეოდა; თუმცა, საარჩევნო კამპანია დასრულებულია. ქართველ ხალხს სჭირდება, რომ თქვენ იმუშაოთ ოპოზიციასთან, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილთან თანამშრომლობის სულისკვეთებით, რათა გადაწყვიტოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, – ნათქვამია წერილში.

ამერიკელი სენატორები მიესალმნენ ახალი მთავრობის ერთგულებას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი ურთიერთობა აშშ-სთან „საქართველოს დემოკრატრიის შემდგომ გაძლიერებაზეა დამოკიდებული“.

მათი თქმით, ისინი მოუთმენლად ელიან ივანიშვილის ვიზიტს აშშ-ში „ამ და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების და ქართველი ხალხის წინაშე არსებული შესაძლებლობების განსახილველად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button