
ადვოკატი: მერაბიშვილმა ამომწურავად გასცა პასუხი შეკითხვებს
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა „ამომწურავი“ პასუხი გასცა გამომძიებლების შეკითხვებს ყალბი პასპორტის საქმესთან დაკავშირებით, განუცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს 7 დეკემბერს დააახლოებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ.
თავად მერაბიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ, რომ „ამ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ საქართველოს პრესის საშუალებით შუქდებოდეს მხოლოდ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავების, დაკითხვის, ზეწოლის და არ ქონდეს საშუალება ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ოპოზიციურ პარტიას გააგრძელოს კრიტიკა ამ ხელისუფლების“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურ მუშაობას“, – განაცხადა მერაბიშვილმა. „მთელ დროს მოვანდომებთ იმას… რომ ახალი წინადადები შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას, რათა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქართველოს ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი, დემოკრატიული“.
ვანო მერაბიშვილი „ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის“ საქმეზე პირველად 1 დეკემბერს დაიკითხა. პირველი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მართალია მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა, მან „პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან“.
მერაბიშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 7 დეკემბერს, რომ მერაბიშვილმა „შეკითხვებზე ამომწურავად გასცა პასუხი, რაც ქონდა ინფორმაცია“.
„ვერ გეტყვით კიდევ დაიბარებენ, თუ არ დაიბარებენ… ეს უკვე პროკურატურის და გამოძიების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მან.
7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვილფრედ მარტენსმა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, დაგმო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული „სასაცილო საქმე“. მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, მან მერაბიშვილიც მიიწვია მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე.
This post is also available in: English Русский