ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო იარაღის შესყიდვებში კორუფციულ სქემებზე საუბრობს

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 6 დეკემბერს, რომ გენერალური ინსპექციის შემოწმების შედეგად იარაღის შესყიდვებში გარკვეული კორუფციული სქემები გამოვლინდა, რომლის ფარგლებშიც ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში იარაღის გაბერილ ფასად შესყიდვა ხდებოდა. 

საქმე  ეხება „ათიათასობით ძველი და ნახმარი“ კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას საერთო ღირებულებით 11.15 მილიონი ევრო, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, AK–47 და AKS–74 ცეცხლსასროლი იარაღი თითოეული 290 ევროდ იქნა შეძენილი.

„ამ ავტომატური იარაღის  საბაზრო ღირებულება მერყეობს 50 ევროს ფარგლებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა.

მისი თქმით, საქმე შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ განაცხადა, რომ საქმეში ფიგურირებს პანამაში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია. მან ამ კომპანიის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს კომპანია თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვისთვის გადარიცხული თანხის მიმღებია.

გოცირიძემ განაცხადა, რომ გენერალური ინსპექცია ასევე სწავლობს 2012 წელს, ახალაიას მინისტრობის დროს განხორციელებულ სხვა საეჭვო შესყიდვებს, მათ შორის დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობის შეძენას. მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„რადგანაც საქმე სცდება გენერალური ინსპექციის კომპეტენციას და საქმე გვაქვს აშკარა დანაშაულის ნიშნებთან, მასალები იგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც შესაბამისი ძიების შემდეგ უკვე იქნება სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა მან.

პირველად მთავრობამ „დიდი ოდენობით“ დაურეგისტრირებელი იარაღის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 28 ნოემბერს გაავრცელა, როდესაც პრემეირ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ წინა ხელმძღვანელობის დროს „ძველი კალაშნიკოვის“ იარაღი შეიძინა ათჯერ უფრო გაბერილ ფასად.

პრემიერ–მინისტრის განცხადების შემდეგ დიმიტრი შაშკინმა, რომელმაც ივლისში ბაჩო ახალაია შეცვალა თავდაცვის მინისტრის პოსტზე და რომელმაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვა, აღნიშნა თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ კალაშნიკოვის იარაღი თავდაცვის სამინისტრომ ბაჩო ახალაიას მინისტრობის რეზერვისთვის შეიძინა.
 
„ეს შესყიდვა განხორციელებული იყო ეგრეთ წოდებულ „თეთრ ბაზარზე“, აბსოლუტურად კანონიერად. არსებობს ინფორმაცია გამყიდველზე და თუ ვინმე ფასის საკითხით დაინტერესდება, ეს ძალიან ადვილად გადასამოწმებელი ინფორმაციაა, რადგან იარაღის „თეთრი“ ბაზარი არის მკაცრად გაკონტროლირებული და რეგლამენტირებული“, – განაცხადა შაშკინმა.

ბაჩო ახალაია, რომელიც 2009 წლის აგვისტოდან 2012 წლის ივლისამდე თავდაცვის მინისტრი იყო, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის წამების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button