skip to content
ახალი ამბები

კბილაშვილი: ბაჩო ახალაიას მიმართ ‘წამების, ცემის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის’ სხვა ეპიზოდი იკვეთება

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ მიმდინარე გამოძიების პროცესში „წამების, ცემის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ სხვა ეპიზოდი გამოიკვეთა.

„ამას ჩვენ მალე გამოვაცხადებთ“, – განუცხადა კბილაშვილმა Civil.ge-ს.  

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მას სამ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს რამდენიმე ბრალდება წაყენებული, მათ შორისაა წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

კითხვაზე აქვს თუ არა გამოძიებას დამატებითი მტკიცებულებები ბაჩო ახალაიას ან ზურაბ ჟვანიას საქმეში ვიდეო-ჩანაწერების სახით, კბილაშვილმა განაცხადა: „მე არ უარვყოფ ამას, უბრალოდ შესწავლა ჭირდება ამას და დალაგება“.

„მე მიჭირს ახლა ზუსტად თქმა ვიდეოჩანაწერების შესახებ, მიუხედევად იმისა, რომ ბევრი ჩანაწერი არსებობს სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ამ კუთხით ვერ ვამბობ ზუსტად“, – განუცხადა Civil.ge-ს მთავარმა პროკურორმა, „თუკი ასეთი იქნება, ჩვენ თავისთავად ცხადია, ვაჩვენებთ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც მისი სარწმუნობა იქნება გადამოწმებული“. 

არჩილს კბილაშვილმა, რომელმაც 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა, ასევე განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ფინანსური კუთხითაც. 

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სახსრების გამოყენების გარდა, მისი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს თბილისის „მერიის ცალკეული სამსახურების“ მიმართ, ასევე შესაძლებელია ანალოგიური შესწავლა დაიწყოს განათლების სამინისტროსთან დაკავშირებითაც.

„ეკონომიკური სფერო ჩვენი ყურადღების საგანია. მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთელ რიგ მიმართულებებში, დაახლოებით ორ კვირაში, საზოგადოება „ჩვენ მიერ გამოძიებულ და გახსნილ ფინანსური, კორუფციული თემების შესახებ“ შეიტყობს.

მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე არჩევნების წინ გახმაურებულ ფაქტებზე „ძალიან ინტენსიურად“ მიმდინარე გამოძიების შედეგები, რომლის ფარგლებში „ძალიან ბევრი მოვლენა და გარემოება იქნა გამორკვეული“, თუ რა მოხდა „ციხის თემასთან“ დაკავშირებით, „როგორ იქნა გასაღებული და რა მიზანს ისახავდა“. 

მისივე ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში საზოგადოება ასევე მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას 2006 წლის მარტში ორთაჭალის ციხეში მომხდარ ბუნტთან დაკავშირებით,  რომელიც „სრულიად ახალი კუთხით იქნება წარმოჩენილი“.  მთავარმა პროკურორმა კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ამ საქმეზე თანამდებობის პირთა სახელები იკვეთება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება „შუაგულშია“ და მიმდინარეობს ვერსიების გადამოწმება, განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

ამ საქმეთან დაკავშირებით, მისი თქმით, მომდევნო უახლოეს დღეებში დაიკითხება ერთ დროს გავლენიანი თავდაცვის ყოფილი მინისტი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საფრანგეთიდან და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ოქრუაშვილს, მთავარი პროკურორის განცხადებით, გამომძიებლები ასევე დაუსვამენ შეკითხვებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, სადაც სიახლე არის ის, რომ  „სხვა თანამდებობის პირთა გამოკვეთის შესაძლებლობა წარმოიშვა“; ასევე 2005 წლის ივლისში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე  განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომლის ხელახალი გამოძიებაც მიმდინარეობს, გამოიკვეთა „ახალი გარემოებები“ და „ახალი მოწმეები“, განაცხადა მთავარმა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ამ საქმეთან დაკავშირებული ყველა პირი იქნება დაკითხული, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, რომელიც მისი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება.

გახმაურებული საქმეების პარალელურად პროკურატურა სწავლობს იმ ასობით განცხადებას, რომელიც უწყებაში ყოველდღიურად შედის და რომლებიც უკავშირდება „უკანონო პატიმრობებს, ქონების ჩამორთმევებს და ფიზიკურ ანგარიშსწორებებს“, სადაც იკვეთება თანამდებობის პირების, მათ შორის „მაღალი თანამდებობის პირების“ ბრალეულობაც, განაცხადა კბილაშვილმა დაკონკრეტების გარეშე.

მან ასევე უპასუხა ბრალდებებს ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე და განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ იზიარებს იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში პროკურატურა ასაჯაროებს საქმის მასალებს, რითაც „უჩვეულო“ ნაბიჯებს დგამს ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

„აქ ის კი არ უნდა მოხდეს, რომ პროკურატურა, რომლის პოზიციაც არის გაყვეს სამართლებრივ ჩარჩოს და ველს, მან დათმოს და ხელი აიღოს ამ გზაზე სიარულისაგან, არამედ საინფორმაციო ველი უნდა იყოს გაჯერებული სრულყოფილი ინფორმაციით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მიზნით მას დიპლომატიურ კორპუსთანაც აქვს რეგულარული შეხვედრები იმ წუხილების გასანეიტრალებლად, რომელიც დასავლეთიდან ახალი ხელისუფლების მისამართით გამოითქმის.

„ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული რაც ხდება და არ ვიტყვი, რომ რაიმე პრეტენზია მათი მხრიდან მინიმუმ იმის შესახებ, რომ გაურკვეველია საკითხები, არსებობდეს და გვაქვს კარგი ურთიერთგაგებაც“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა, „ასე რომ, ამ მხრივ მდგომარეობა ნორმალურია, საგანგაშო არაფერია, მუშაობა გასაგრძელებელია“.

Back to top button