
თბილისის ვიცე-მერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის ვიცე-მერს და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს, რომელსაც ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქმეზე, რომელიც ეხება კომპიუტერული ქსელებში შეღწევის გზით უკანონო თვალთვალს.
ხიზანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მოადგილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე და განაცხადა, რომ ხიზანიშვილის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„არანაირი საფუძველი არ არსებობდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების შოთა ხიზანიშვილის მიმართ… ყველა ბრალდება არის მის მიმართ შეთითქხნილი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს. პოლიტიკური მიზანი ძალიან მარტივია, გასაგებია – ეს უკავშირდება პირადად ვანო მერაბიშვილს, იმიტომ რომ მასთან დაახლოებული პირი, მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო შვიდი წლის განმავლობაში შოთა ხიზანიშვილი. მიკავშირდება ასევე მე იმიტომ, რომ ბოლო ერთი თვის განმავობაში შოთა ხიზანიშვილი ჩემი მოადგილეა“, – განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის შემდეგ.
ხიზანიშვილი 15 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანთან ერთად დააკავეს. მათ უმრავლესობას ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და უკანონო თვალთვალში. ათ მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი, ხიზანიშვილის მსგავსად, ანალოგიური გადაწყვეტილება 18 ნოემბერს გამოუტანა.
ცალკე საქმეზე, 18 ნოემბერს სასამართლომ უარი უთხრა პროკურატურას შუამდგომლობაზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა შსს-ის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსისთვის თენგიზ გუნავასთვის და მისი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
გუნავა, რომელიც სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ვიდრე გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გახდებოდა, იარაღისა და ნარკოტიკების შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლების შემდეგ, გუნავამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. მან ასევე განაცხადა, რომ მიმართავს პროკურატურას მისი „უკანონო დაკავების“ გამოძიების თხოვნით.
This post is also available in: English Русский