ახალი ამბები

ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების ‘ტემპი შეინარჩუნოს’

ევროკავშირმა განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ იგი მზად არის მხარდაჭერა და კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს ახალ მთავრობას და ასოცირების ხელშეკრულებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების და  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ტემპი შეინარჩუნოს.
 
ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში „დემოკრატიის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
 
ლუქსემბურგის შეხვედრის შემდეგ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს “საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და პოლიტიკურ პარტიებს ტრანზიციის შემდგომ პერიოდში კონსტრუქციულად იმუშავონ ერთად, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და კარგი მმართველობა, ხალხის დემოკრატიულად გამოხატული ნების და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტის და პრეზიდენტის შესაბამისი პასუხისმგებლობების სრული პატივისცემით“. 

„[ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების] საბჭო ადასტურებს ევროკავშირის ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რათა იმუშავოს საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ვალდებულებას შესაბამის ვადებში უვიზო მიმოსვლის საერთო მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებით იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები. საბჭო აცნობიერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს და მოუთმენლად ელის საქართველოსთან შემდგომ ახლო თანამშრომლობას ჩვენს ამბიციურ საერთო დღის წესრიგზე“, – განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

სექტემბერში ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები, რაც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, „კარგი პროგრესით ხასიათდება“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს მიერ 3 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიზანია „ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ამ წლის ბოლოსთვის წარმოვადგინოთ“.

ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა, 2012 წლის ივნისში დაიწყეს.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს 15 ოქტომბერს, რომ ევროკავშირი კვლავაც  მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ასოცირებულ ხელშეკრულებასა და ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სფეროებში საჭირო შიდა რეფორმების განხორციელების საქმეში. 

„საბჭო ხაზს უსვამს როგორც ეფექტური საპარლამენტო ოპოზიციის, ისე ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების უდიდეს მნიშვნელობას დემოკრატიული განვითარების საქმეში და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განზრახვას, განაგრძოს შესაძლებლობების გაძლიერება ამ სფეროებში“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადეს, რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველო ეფექტურ პოლიტიკას განახორციელებს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის კუთხით. 

This post is also available in: English Русский

Back to top button