
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 60.8% შეადგინა
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 2 197 173 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 60.8% შეადგინა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 53.9% იყო.
ცესკო წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას ღამის 3 საათის შემდეგ დაიწყებს.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე დაფიქსირდა მცირე ინციდენტები, თუმცა საერთო ჯამში ის სერიოზული ხარვეზების გარეშე ჩატარდა.
”მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ არჩევნებმა ჩაიარა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, გამჭირვალედ და მე ვფიქრობ, რომ ის შედეგი, რომელიც დადგა ასახავს ამომრჩეველთა განწყობას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ხარატიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიაში უკვე დაწყებულია ოქმების მიღების პროცესი, რომლის განთავსებაც მოხდება ვებ-გვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ოქმების გაცნობა.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საჩხერეში დაფიქსირდა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 76.9% შეადგინა.
ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში დაფიქსირდა – 35.59%.
This post is also available in: English Русский