ახალი ამბები

მმართველი პარტიის აქციაზე უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა მიმართა საქართველოს ‘უკან ნუ დაბრუნდებით ’

საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება, ქუთაისის სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის კამპანიის აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა ქართველებს, არ დაუშვან „შეცდომა“ და არ დაბრუნდნენ წარსულში.

27 სექტემბერს სტადიონზე გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა, რომელსაც გვერდით  პრეზიდენტი სააკაშვილი ედგა, განაცხადა: „ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ“.

„მე ევროპის ხალხთა პარტიის ვიცე–პრეზიდენტი ვარ; ამიტომ მე არა მხოლოდ უნგრელი ხალხის სახელით მოგესალმებით, არამედ ევროპის ხალხთა პარტიის და ევროპის სახელითაც“, – განაცხადა ორბანმა, რომელიც მემარჯვენე–ცენტრისტული პარტიის Fidesz–ის ლიდერია. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დამკვირვებლის სტატუსი აქვს ევროპის ხალხთა პარტიაში.

„მე დიდად ვაფასებ იმ ძალისხმევას, რომელიც თქვენ განახორციელეთ, რათა თქვენი პოსტ–კომუნისტური ქვეყანა კონკურენტულ ევროპულ ქვეყნად შეგეცვალათ… შედეგები ადვილად არ მოდის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეცდომაა, რომელიც შესაძლოა თქვენ დაგეშვათ და ეს შეცდომა ჩვენ დავუშვით, უნგრეთში. რამდენიმე წლის წინ ჩვენ შემობრუნება გადავწყვიტეთ და წარსულში დავბრუნდით… თუ თქვენ საკმაოდ მტკიცედ  ხართ ჩამოყალიბებულები, თუ გჯერათ თქვენი ხელმძღვანელობის, მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას და პრეზიდენტს, თქვენ შეძლებთ იყოთ წარმატებული“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა.

„მაგრამ თუ აყვებით ცდუნებას, რომ უკან დაბრუნდეთ, მაშინ ეს ნამდვილი შეცდომა იქნება. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას თქვენი ბედის შესახებ“, – განაგრძო მან. „მაგრამ როგორც უნგრელ მეგობარს, დამიჯერეთ – ნუ დაბრუნდებით უკან; ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირწმუნეთ თქვენი ხელმძღვანელობის და გააკეთეთ თქვენი საქმე“.

„თქვენ უამრავი მეგობარი გყავთ მსოფლიოს გარშემო; თქვენ ძალიან გიჭერენ მხარს ევროპაშიც. მინდა გთხოვოთ, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ქვეყანა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მან.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის ერთ–ერთი მთავარი გზავილი ეხება არჩევანის გაკეთებას წარსულში დაბრუნებასა და შემდგომი განვითარებისკენ სვლას შორის. „ქართული ოცნების“ მიმართ ნაციონალური მოძრაობის ოპონირების ერთ–ერთი მთავარი მიმართულება არის ის, რომ თუ კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, ამას მოყვება საქართველოს მიერ რეფორმების კურსიდან გადახვევა და ქვეყნის წარსულში დაბრუნება.

აქციის მონაწილეებმა უნგრეთის პრემიერ–მინისტრის სახელის სკანდირება დაიწყეს „ვიქტორ, ვიქტორ“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მათ ამისკენ მოუწოდა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი მიესალმა პრემიერ–მინისტრ ორბანს და მას „ევროპის ყველაზე კაშკაშა პოლიტიკური ვარსკვალი“ უწოდა.

„მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა ასეთი ტიპის შეხვედრებზე გამოსულიყო ამ დონის ლიდერი და ეთქვა ქართველი ხალხისთვის, საქართველოს არჩევანი ეს არის ევროპის არჩევანი, მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ არ დავბრუნდეთ უკან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button