ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული სიტუაციით შეშფოთებულია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა 21 სექტემბერს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა შენიშნა.

„მოცემულ ქმედებასთან დაკავშირებით, მისიამ რუსეთის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან შეშფოთება გამოთქვა“,– ნათქვამია მისიის მიერ 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაჟინებით მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე“.

მისია ასევე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში კეთდება განცხადებები ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს უშიშროების ძალების განლაგების შესაძლო შეცვლის თაობაზე, თუმცა მას არ შეუნიშნავს რაიმე მტკიცებულებები ამგვარი განცხადებების გასამყარებლად.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, დამატებითი სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით, ინტენსიურად ახორციელებდა მოცემული ცნობების მონიტორინგსა და შეფასებას და ამოწმებდა გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებთან. მოცემული ქმედებების შედეგად, მისიამ ვერ აღმოაჩინა გავრცელებული ცნობების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება, რათა აქტიურად დააკვირდეს ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა 18 სექტემბერს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებს. 20 სექტემბერს სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართული მხარეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო ძალების ზრდაში დებს ბრალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button