skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი „დაუგეგმავი” აქციების წინააღმდეგ მოუწოდებს

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაუგეგმავი აქციების წინააღმდეგ მოუწოდა და განაცხადა, რომ „დიდი ემოციების“ გარეშე უნდა მოხერხდეს 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მისვლა, რათა „არჩევნების გზით გავიყვანოთ ეს ხელისუფლება“.

მან დუშეთში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სტუმრობისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა ცემის, წამების და გაუპატიურების ფაქტებზე გავრცელებულ ვიდეო–მასალაზე, რასაც ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის გუშინ ღამით და დღეს გამართული აქციების ფორმით.

„გუშინ ძალიან ჯანსაღი რეაქცია გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ ამაზე, მაგრამ არა ამაზე მეტი. აი ამაზე მინდა მივმართო და მოვუწოდო, რომ არ დავიწყოთ დაუგეგმავი გამოსვლები და არ მოხდეს, არ გავაკეთოთ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ელოდება ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან“, – განაცხადა მან და სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა პროცესების ქუჩაში გადატანა.

„ჩვენ მხოლოდ ორგანიზებულად, მხოლოდ დიდი ემოციების გარეშე უნდა მოვახერხოთ და ჩავიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით მხოლოდ მოვახერხოთ და არჩევნების გზით გავიყვანოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა მან 19 სექტემბერს.

„1 ოქტომბერს მაქსიმალური რაოდენობის ხალხს გამოვიყვანთ არჩევნებზე და არაფერი წინ არ დაუდგება ჩვენს გამარჯვებას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გავრცელებულ კადრებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა ამ „ხელისუფლების ხელწერა“. 
   
„დიახ, მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ასეთი მოძალადე ხელისუფლება გვყავს ჩვენ“, – განაცხადა მან.

„ისეთი ხალხი მოყავთ სამსახურში, ვინც შეასრულებს ამის მსგავსს. იმის გამკეთებელი… ბევრი ვერ იქნება. იმას ჯანმრთელი ადამიანი ვერ გააკეთებს, რა კადრებიც თქვენ ნახეთ და რასაც ასრულებდნენ, მაგრამ ზუსტად ასეთი გუნდი შემოიკრიბა მან [პრეზიდენტმა სააკაშვილმა] და მის ოდეოლოგიაზეა დაფუძნებული ყველა ტიპის ძალადობა, რაც გუშინ ვნახეთ“, –  განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button